რატიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელია გათავისუფლებული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი პარტიაში დაწყებულ შემცირებებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

რატიანის თქმით, ფინანსური კრიზისის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელია გათავისუფლებული.

„ჩემმა პარტიულმა მეგობარმა ჩიორა თაქთაქიშვილმა საინტერესო სტატუსი დადო, სადაც დაწერა, თითქოს „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შემცირების მიზეზი იმ ადამიანების სამსახურიდან გაშვება იყო, ვინც 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას უჭერდა მხარს.

ვცდილობ ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებს არ ვუპასუხო, მაგრამ ამჯერად განვმარტავ:

1. „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების შემდეგ დაფინანსება თვეში დაახლოებით 100000 ლარით შეუმცირდა. ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ, მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა.

2. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მითუმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება (თუნდაც დამატებითი ფუნქციებით), ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს.

3. ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის ჩემდა სამწუხაროდ, გათავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი და არა მხოლოდ ჩამოთვლილი პირები. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო.

4. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მითუმეტეს თანამებრძოლების და მითუმეტეს ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ, რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ ოც კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ გაუშვა სამსახურიდან ორმოცი.

5. მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2012 წელს მოვედი და ჩემ მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით”, – წერს სერგო რატიანი სოციალურ ქსელში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პარტიაში შემცირებები პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა.

თაქთაქიშვილის თქმით, ოფისიდან ის ადამიანები გაათავისუფფლეს, რომლებიც პარტიის ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარების მომხრეები იყვნენ.

Comments
Loading...