რატომ აქვთ ”შკოდებს” ყველაფრის უფლება?

autoradio.ge საპატრულო პოლიციის მანქანების უფლებებზე საინტერესო სტატიას გვთავაზობს:

გადაცემას ”კანონის ფარგლებში” საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოადგილე ბატონი ლევან მაჭავარიანი ესტუმრა. გადაცემის თემა პატრულის უფლება-მოვალეობები გახლდათ.

– შეიძლება თუ არა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ავტომობილი გააჩეროს გზის სავალი ნაწილის ნებისმიერ მონაკვეთზე – ზებრა გადასასვლელზე, ხიდებზე, პანდუსებთან და ა.შ.

– რა თქმა უნდა, აქვთ ამის უფლება. საპატრულო პოლიციის ავტომობილს საჭიროების შემთხვევაში გზის საფარის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია გაჩერება. საპატრულო პოლიცია არის მოძრაობის არა ერთ-ერთი მონაწილე, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი.

– უნდა ჰქონდეს თუ არა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ციმციმა მუდმივად ჩართული?

– ეს არის უფლება და არა მოვალეობა. ჩვენი რეკომენდაციაა ის, რომ ციმციმა ჩართული იყოს, რაც შეიძლება დიდხანს, თუმცა გამორთული არ ნიშნავს დარღვევას.

– ერთი და იგივე დარღვევისთვის, რატომ ჯარიმდება ერთი მძღოლი და სხვა არა?

– ერთ ეკიპაჟს დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეუძლია იმუშავოს ერთ მძღოლთან. სხვა მძღოლის შემთხვევას, პატრული, რომელიც შეესწრო დარღვევას, რადიო კავშირის საშუალებით გადასცემს სხვა ეკიპაჟს. გარდა ამისა, პატრულის თანამშრომელი ჩაინიშნავს ნომერს და 1-2 დღის ვადაში მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება. საპატრულო პოლიცია არ არის სადამსჯელო ორგანო, ეს არის სერვისი, რომელიც აქცევს მოძრაობას კანონის ქოლგის ქვეშ.

– როდესაც პატრული გააჩერებს ავტომობილს, უნდა გადმოვიდეს თუ არა მძღოლი?

– მძღოლი უნდა დარჩეს ავტომობილში. ყველაზე გავრცელებული სინანულით ნათქვამი ფრაზა, რასაც ქართველი მძღოლები ამბობენ, არის ”უი, ვერ დაგინახეთ”. შემდეგ ამბობენ, რომ დედა ჰყავთ ავად, ან რომელიმე ნათესავი… სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

– რა შემთხვევაში რთავს პატრულის თანამშრომელი სამხრე კამერას?

– ეს არის ჩვენი უფლება და არა ვალდებულება. პატრული თავად იღებს გადაწყვეტილებას ჩართოს თუ არა სამხრე კამერა. სიტუაციის ნებისმიერი გამწვავებისას კამერა უნდა ჩაირთოს. ეს არის კომფორტი პატრულ ინსპექტორისთვის. შესაძლებელია იმის დამტკიცება, იყო თუ არა ის ადეკვატური, იყო თუ არა ეთიკური, აგრესიული და ა.შ. ჩანაწერი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინახება, მძღოლს აქვს აპელირების უფლება და ამ დროს ხდება ჩანაწერის შესწავლა. თუკი მოქალაქე მოგვმართავს, რომ პატრულ-ინსპექტორი იყო აგრესიული, ასევე ამ დროს ხდება ჩანაწერის დათვალიერება. მას შემდეგ, რაც ჩანაწერების გაკეთება დავიწყეთ, ერთი ათად იკლო საჩივრების რაოდენობამ.

მსმენელი: – ხშირად თავად პატრული ისეთ ადგილებზე აჩერებს ავტომობილს, რომ საცობებს ქმნის…

– ქალაქში რამდენიმე ადგილია, სადაც საპატრულო პოლიცია სპეციალურად აჩერებს ავტომობილებს, რომ მოახდინოს მოძრაობის რეგულირება და სინქრონიზაცია. ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის ლაგუნა ვერესთან, პიკის საათებში გზის ნაპირიდან ნახევარი, ერთი მეტრის მოშორებით ვაჩერებთ ავტომობილს, იმისათვის, რომ ნაკადები ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს. რიგითი მოქალაქის გადმოსახედიდან ეს ჩანს, როგორც დაბრკოლება, სინამდვილეში კი შველის საქმეს. ქალაქის ქუჩები გასული საუკუნის 70-იან წლებშია დაპროექტებული, დღეისათვის ძალიან ბევრი პრობლემაა და რაღაცნაირად ვცდილობთ მოვაწესრიგოთ. თუმცა, საცობი, მკვდარი მოძრაობა არსად არ არის. ყველაზე დატვირთულ ადგილებშიც კი 3-4 წუთის დაგვიანებით, მაგრამ მაინც გავივლით.

მსმენელი: – მაინტერესებს სადისტრიბუციო ავტომობილების მძღოლებისთვის თუ იქნება კანონში რაიმე დაშვება გათვალისწინებული, რადგან ცენტრალურ ქუჩებზე პარკირება შეუძლებელია.

– სადისტრიბუციო ავტომობილის მძღოლი ისეთივე მძღოლია, როგორც ჩვენ ყველანი და მათზეც ვრცელდება კანონი. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მათ დავეხმაროთ. იმ შემთხვევაში, თუკი ის არ კეტავს მოძრაობას, არ ქმნის საფრთხეს, ვცდილობთ ვიყოთ ლოიალურები.

მსმენელი: – წინა მინებზე დასაშვებია 40%-იანი დაბურვა, 41% რომ იყოს რა პრობლემაა?

– კანონი ყველასთვის კანონია. 41%-ის შემდეგ ჩვენ დაგვებადება შეკითხვა რა მოხდა რომ იყოს 42% ან 43%? კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია.

მსმენელი: – ხშირად მინახავს, რომ თავად პატრულის თანამშრომელს არ უკეთია ღვედი და საუბრობს ტელეფონზე, ეს დასაშვებია?

– პატრული მუშაობის პროცესში თვითონ არჩევს მუშაობის წესს, გარდა იმისა, რაც კანონით არის რეგლამენტირებული. როდესაც პატრულს არ უკეთია ღვედი, ეს ნიშნავს იმას, რომ პატრულმა სწრაფად შეძლოს ავტომობილიდან გადმოსვლა. რაც შეეხება ტელეფონს, ის ისევე როგორც იარაღი, არის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ერთ-ერთი სამუშაო აღჭურვილობა. შსს-ს გააჩნია თავისი კორპორატიული კავშირი, სადაც პოლიციის თანამშრომლებს ხდება შორის კომინიკაცია.

მსმენელი: – უნარშეზღუდული პირებისთვის განკუთვნილი პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არის თუ არა სხვა მძღოლებისთვის გაჩერება ნედართული?

– არ არის ნებადართული, ავტომობილს უნდა ჰქონდეს სპეციალური ნიშანი და მხოლოდ მას აქვს გაჩერების უფლება.

მსმენელი: – აქვს თუ არა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს უფლება გააჩეროს ავტომობილი ყოველგვარი დარღვევის გარეშე?

– ცალსახად აქვს ამის უფლება. თუკი მძღოლები და მგზავრები არიან არაადეკვატურები, პატრულს შეუძლია ისინი გააჩეროს. მაგალითად, ათიდან 9 მძღოლი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით, ერთი კი 20 კმ/სთ სიჩქარით. პატრულს უჩნდება ეჭვი თუ რატომ იქცევა ის ასე, ხომ არ არის გასაჭირში და ა.შ.

მსმენელი: – რატომ არის გაგარინის მოედნიდან პეკინის ქუჩაზე გასასვლელი გზა სულ გადაკეტილი?

– ხშირად ხდება გადაკეტვა იმისათვის, რომ ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გზა რატომღაც ისეა მოწყობილი, რომ პეკინის მიმართულებით უფრო მეტი ავტომობილის გაშვებაა შესაძლებელი, ვიდრე გაგარინის მიმართულებით. როდესაც არ ვკეტავთ აღნიშნულ მონაკვეთს, ყოველთვის იჭედება მოძრაობა. ამიტომ ორი რისკიდან ვირჩევთ სწორედ ამ გზას.

მსმენელი: – რატომ აქვს პატრულის ავტომობილს მაღალზე ციმციმა ჩართული და ღამის სათებში და აბრმავებს მძღოლებს?

– ნებისმიერი საპატრულო პოლიციის ავტომობილის ციმციმა გათვლილია იმისათვის, რომ მას კვალში არ ჩაუდგეს არცერთი სხვა ავტომობილი. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, ჩამოშორდით რამდენიმე მეტრით და თქვენ აღარ შეგაწუხებთ მისი სინათლე. თუკი დასაშვებ სიჩქარეს არ გადააჭარბებთ, მისი გასწრებისთვის არავინ დაგაჯარიმებთ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს აქვთ რეკომენდაცია, დაიკავონ მარჯვენა ზოლი, რომ არ შეაფერხონ მოძრაობა.

მსმენელი: – რეგიონებში კრიმინალურ პოლიციას აქვს მითვისებული პატრულის მოვალეობები და მაინტერესებს რამდენად ვრცელდება მათზე ეთიკის ნორმების დაცვა?

– მითვისებული არ აქვთ, ეს არის დელეგირებული. იქ, სადაც საპატრულო პოლიციის უფლება-მოვალეობები მთავრდება, მათ ვალდებულებას ასრულებს ადგილობრივი პოლიცია. არის საქართველოში ასეთი მონაკვეთები, სადაც საავტომობილო გზები არ არის. რაც შეეხება ეთიკის ნორმებს, მათი დაცვა პოლიციის ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა.

მსმენელი: – დიდუბის მეტროსთან არსებული მოედანი ძალიან აფერხებს მოძრაობას, არ შეიძლება ის ცოტათი დაპატარავდეს?

– ეს წრე ბაწრით რომ შემოვხაზოთ, პირობითად ის იქნება 50 მეტრი. პატარა წრე რომ იყოს და ის გავზომოთ, გამოვა პირობითად ათი მეტრის. რომელ წრეზე უფრო მეტი ავტომობილი დაეტევა? ეს ჩვენი გამოგონილი არ არის, ასეა ყველა ქვეყანაში, რაც უფრო დიდია წრე, მით უფრო მეტ ავტომობილს იტევს ის.

– ღვედი რომ არასწორად გვიკეთია, ”შპილკით” რომ ვიმაგრებთ…

– მაგაზეც ჯარიმაა. ღვედის გაკეთებას აქვს თავისი წესი. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანს არ ეკეთა ღვედი, ნიშნავს იმას, რომ არ ეკეთა ის დადგენილი წესით.

მსმენელი: – ”შკოდებს” რატომ აქვთ ყველაფრის უფლება? ბავშვი რომ ჰყავთ ავტომობილში, მაშინაც ოპერატიულ დავალებაზე მიდიან?

– არის სპეციალური სამსახურები, რომლებიც ადევნებენ ასეთ გადაცდომებს თვალს. ნებისმიერ შემთხვევაში, რეაგირება საკმაოდ მკაცრი და ხისტია. კონკრეტულმა მძღოლმა უნდა აცნობოს შესაბამის სამსახურს, არის ”ფეისბუქი”, საიტი, ამოვიღებთ მასალებს, ვიმსჯელებთ ამ ადამიანის ბრალეულობაზე. მერწმუნეთ, რეაგირება საკმაოდ ხისტი და ადეკვატური იქნება

Comments
Loading...