რატომ არ აიყვანა ცოცხლად სპეცდანიშნულების რაზმმა რუსეთის ელჩის მკვლელი

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთის პროკურატურა იძიებს რატომ არ აიყვანა სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელი ცოცხლად.

როგორც ვიდეოკადრებიდან და თვითმხილელების ჩვენებიდან ირკვევა, გასროლების შემდეგ მკვლელი დარბაზის სიღრმეში გავიდა და საგამოფენო ექსპონატების ჩამოგლეჯვა დაიწყო.

პოლიციელების მოწოდებას ჩაბარებულიყო, ალტინტაშმა ცეცხლის გახსნით უპასუხა. ამის შემდეგ ადგილზე მისულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ის დაჭრა. დადგენილია, რომ დაჭრილი მკვლელი აგრძელებდა სროლას. მოწოდებას, რომ ჩაბარებულიყო, მან უპასუხა: „არ ამიყვანთ ცოცხლად“.

სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ის მოკლეს, ვინაიდან ჩათვალეს, რომ ალტინტაში ცდილობდა ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას.

19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.