საქართველოში მაღალი კლასის ღვინოები ფაქტობრივად, არ იწარმოება. ამის შესახებ განცხადება „სომელიეთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა შალვა ხეცურიანმა „კომერსანტთან” ავტორიტეტული ჟურნალი Wine Spectator-ის მიერ გამოქვეყნებული წლის შემაჯამებელი მონაცემის კომენტირებისას გააკეთა.
როგორც ცნობილია, ტრადიცული ყოველწლიური შეჯამების მიხედვით, ქართული ღვინო 100 საუკეთესო ღვინოში ვერ მოხვდა. რეიტინგის შედგენისას გასული 12 თვის მონაცემები იქნა შესწავლილი. სიაში კი ის სხვადასხვა დასახელების ღვინო მოხვდა, რომელმაც თავისი ხარისხით, ღირებულებითა და სხვა მახასიათებლებით საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. Wine Spectator-ი აღნიშნულ სიას 1988 წლიდან აქვეყნებს.
ხეცურიანის განმარტებით, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, რადგან ჟურნალ Wine Spectator-ის ასეულში მოხვედრა ძალიან მაღალი თამასაა. მისი თქმით, დღეს საქართველოში მაღალი საერთაშორისო კლასის ღვინოების არსებობა იშვიათობაა. „აღნიშნული ჟურნალის ასეულში მოხვედრა იქნებოდა გასაკვირი, არ მოხვედრა გასაკვირი არ არის.ქართული ღვინის წარმატება ძალიან ფარდობითი ცნებაა. ჩვენთან შიდა მარკეტინგის შედეგია ხოლმე სასწაული წარმატებები ბაზრის დაპყრობებზე. რეალურად, კი ძალიან პატარები ვართ და ჩვენი მიღწევებიც საკმაოდ მოკრძალებულია. -აცხადებს ხეცურიანი.
კითხვაზე, რა არის საჭირო იმისთვის,რომ ქართული ღვინო საერთაშორისო კლასის სეგმენტში მოხვდეს,ხეცურიანი ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა მაღალი კლასის ღვინის წარმოება, რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის ვენახებზეა შესაძლებელი. მისი თქმით, საქართველოში ასეთი კლასის ვენახები იშვიათობაა.
„საქართველოში ვენახები გამოკვლეული არ არის. შესაბამისად, ჩვენთან ასეთი მაღალი კლასის ვენახებს, რომელსაც კონკრეტული ნიადაგის კლიმატის და ჯიშის ერთობლიობა განსაზღვრავს,არავინ არ იყენებს. ქვეყანაში მაღალი კლასის ვენახები შეიძლება ვინმეს საკუთრებაში იყოს,თუმცა, მისი მესაკუთრე შესაბამისი კლასის ღვინოს არ ამზადებდეს. მაღალი კლასის ღვინის წარმოების დროს დამთხვევაა საჭირო, მაღალი კლასის ვენახი პლიუს მაღალი კლასის ენოლოგია ანუ ღვინის კეთება. ეს არის მნიშვნელოვანი”-აცხადებს ხეცურიანი.
მისი თქმით, მაღალი კლასის ვენახების გამოკვლევა უნდა მოხდეს როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის მხრიდან. ხეცურიანის თქმით, დღეს ქვეყანაში შესაბამისი ხედვა არ არსებობს.შესაბამისად, ქვეყანაში ღვინის მწარმოებელი მხოლოდ ათამდე კომპანიაა, რომელიც მაღალი კლასის ღვინოების
დამზადებას ცდილობს.