რატომ არ წყვეტს თბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები “სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას ითხოვენ.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება „სითი პარკთან“, პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი კი 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში აისახოს.
დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მერიას აქვს საშუალება პარკირების თანხა თავად ამოიღოს. ალეკო ელისაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ხელისუფლება შეიცვალა, „სითი პარკმა“ თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღო 62 მილიონი ლარი, აქედან თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხა 18 მილიონი ლარი, ხოლო 43 მილიონზე მეტი კომპანიამ სახლში წაიღო. ელისაშვილის თქმით, „სითი პარკს“ არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, თეთრიც კი არ დაუხარჯავს პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით.
„მხოლოდ ერთი წლის მანძილზე აღნიშნულმა კომპანიამ სახლში წაიღო 31 მილიონი ლარი“, – აცხადებს ელისაშვილი.
დავით ნარმანიას თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნებს მეტი არგუმენტი სჭირდება, მას ეჭვი ეპარება, რომ პარკირებისგან ერთ წელიწადში 25 მილიონი ლარის ამოღება შესაძლებელი იქნება, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს.15139593_542551679284353_955650681_n
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ ხელმძღვანელობას ხელშეკრულებაში გონივრული ცვლილებები შესთავაზეს, მაგრამ საუბარი უშედეგოდ დასრულდა.
„სითი პარკის“ დამფუძნებლები სამჯერ იყვნენ ჩამოსული ჩემთან შეხვედრაზე, თუმცა ვერც ერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით, რადგან ჩვენმა წინამორბედებმა „სითი პარკს“ კაბალური ხელშეკრულება დაუდეს, რომელშიც ცვლილებების შეტანა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, ცალმხრივად შეუძლებელია თუ მათი თანხმობა არ არსებობს. მათი გონივრული და საღი თანხმობა ვერ მივიღეთ. საერთოდ მათი ქმედებები და მოსაზრებები საღ აზრს მოკლებულია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
“სითი პარკში“ აცხადებენ, რომ კომპანია ხელშეკრულებაში ჩადებულ პირობებს ასრულებს, რაც შეეხება ავტოსადგომების აშენებას, “სითი პარკში“ ამბობენ, რომ მერიასთან დადებულ ხელშეკრულებაში მათ პარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აშენების ვალდებულება არ აუღიათ.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს თანხას, მათი განმარტებით, ხელშეკრულებაში განსაზღვრული თანხის ოდენობა და თანხის ოდენობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე.
„მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების ადგილების აშენება არ ყოფილა არათუ ხელშეკრულების პირობა, არამედ ტენდერის პირობებშიც არ ყოფილა ჩადებული, როცა ჩვენმა კომპანიამ აუქციონში მიიღო მონაწილეობა. არავითარი მსგავსი ვალდებულება „სითი პარკს“ ხელშეკრულებით არ ჰქონია. ჩვენ გადმოგვეცა პარკირების სფეროს მართვა. კოპანიის დამფუძლებლებსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია, თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის,“ -აცხადებენ “სითი პარკში“.
“კვირას“ კითხვაზე რამდენად შორს შეიძლება წავიდეს სამართლებრივი პროცედურები თუ მერია ხელშეკრულებას გაწყვეტს, “სითი პარკში“ ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ “სითი პარკისთვის“ 25 მილიონის გადახდა არასწორი იქნება. როგორც მესხიშვილმა “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, თუ მერიას 25 ლარის გამონახვა შეუძლია, უმჯობესი იქნება ეს თანხა პარკირების სივრცეების მოსაწყობად დაიხარჯოს.
“სითი პარკის“ დაცვაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ეს კომპანია ასრულებს იმ პირობებს, რაც ხელშეკრულებაში უწერია. დღეს გვაქვს 32 600 ადგილი პარკირებისთვის, ავტომობილი არის 400 ათასზე მეტი და ამ პარკირების ადგილებიდან დაახლოებით 20% არის მიტაცებული კერძო პირების მიერ, ასევე სავაჭრო ცენტრებისთვის, ავტობუსების გაჩერებებისთვის და ასე შემდეგ, რაც ძალიან ამწვავებს მდგომარეობას. 25 მილიონის გადახდა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ კონტრაქტის გაწყვეტისთვის. უპრიანი იქნება, რომ მერიამ და “სითი პარკმა“ გამონახონ საერთო ენა, მოძებნონ გამოსავალი, რომ მძღოლების უფლებები რეალურად დაცული იყოს. ეს 25 მილიონი დოლარი თუ არსებობს, დაიხარჯოს პარკირებისთვის ახალი სივრცეების მოსაწყობად. არსებული ხელშეკრულება საერთოდ არ უშლის ხელს მერიას მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები ამ მიმართულებით, რომ აშენდეს მრავალსართულიანი პარკირების ადგილები. და ყველაზე მთავარი პრობლემა – როცა სამშენებლო ნებართვები გაიცემა, არცერთი მათგანის პროექტში არ არის გათვალისწინებული პარკირების ადგილები, არის რაღაცა საკითხები, რომლებიც მერიის მოსაგვარებელია“, – განუცხადა “კვირას“ დავით მესხიშვილმა.
თავის დროზე “სითი პარკსა“ და მერიას შორის დადებულ ხელშეკრულებას “კორუფციულს“ უწოდებდა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი. როგორც “კვირას“ ზურაბიშვილმა განუცხადა, “სითი პარკს“ არავითარი ვალდებულება არ გააჩნია და ხელშეკრულება მთლიანად “სითი პარკზეა“ მორგებული.
ხელშეკრულება გიგი უგულავას დროს დაიდო და მას ვადა 2025 წლამდე აქვს.
„თბილისის მერისა და “სითი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულება კორუფციული შეთანხმება იყო, დოკუმენტი სრულად მორგებულია “სითი პარკის“ ინტერესებზე. ჩვენი პრეტენზიაც სწორედ ამაშია. გამოდის, რომ 2025 წლამდე კიდევ არაფერი უნდა აკეთოს “სითი პარკმა“ და პარალელურად უზარმაზარი ოდენობის თანხები უნდა მიიღოს. ბიუჯეტის განხილვა როცა იქნება, წარმოვადგენთ გაანგარიშებას თუ საიდან შეიძლება ეს თანხა – 25 მილიონი ბიუჯეტში ჩაიდოს.15058046_542551765951011_595001046_n
რაც შეეხება პროცედურებს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ “სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტას პირველ რიგში პოლიტიკური ნება სჭირდება და ალბათობა, რომ სამართლებრივად პროცედურები ძალიან შორს წავა, ნაკლებია. “საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ როგორც წინა ხელისუფლებასთან ჰქონდა მოგვარებული “სითი პარკს“ ურთიერთობა, ისე მოაგვარა ახლაც ნარმანიამ “ზემოთ“, რიტორიკა აშკარად შეცვლილია რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

წყარო: kvira.ge

Comments
Loading...