რატომ დაუკავშირდნენ უკრაინელები ვახტანგ ბალავაძეს და მამუკა ახვლედიანს?

“პრაიმ ტაიმის” დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც დეტალურად არის ასახული, რა ურთიერთობა აქვს მამუკა ახვლედიანს ოფშორში არსებულ მსხვილბიუჯეტიან კომპანიასთან. ახვლედიანმა პირველ ჯერზე ოფშორულ კომპანიასთან  Daviton Investments-თან კავშირი უარყო, თუმცა მოგვიანებით დაადასტურა. გაზეთის მიერ, გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობა. კომპანიის რეალური ბენეფიციარი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მის უკან უკრაინული ბიზნესჯგუფი დგას. კომპანიამ საქართველოში საქმიანობის მიზნით დააფუძნა შპს „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენი“, რომლის წილები, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შემდეგნაირად ნაწილდება: 50 პროცენტი – Daviton Investments, 25 პროცენტი – შპს „ფორსი“, რომლის 100-პროცენტიან წილს ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე, და 25 პროცენტი – შპს „ახვლედიანის საკონსულტაციო ბიურო“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გახლავთ მამუკა ახვლედიანი.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოფშორულ კომპანიასთან თანამშრომლობას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვახტანგ ბალავაძეც, თუმცა ამბობს, რომ დაგეგმილი პროექტი არ შედგა.

„ჩვენ გვაქვს საინჟინრო-საპროექტო კომპანია. არიან უკრაინელი ინვესტორები, რომლებიც ფიქრობდნენ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აშენებას. დაგვიკავშირდნენ, ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც სამოქალაქო მშენებლობის დაპროექტებაში გამოცდილ კომპანიას და მეორე მხრივ, მამუკა ახვლედიანს იურიდიული მომსახურების გაწევის მიზნით. შემდეგ ერთობლივად დავაფუძნეთ „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენი“. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეს თანამშრომლობა არ შედგა, რადგან წინასწარი კვლევები, რაც გავაკეთეთ, არ აღმოჩნდა საინტერესო, როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკური პარამეტრების მხრივ“, – განმარტავს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ვახტანგ ბალავაძე.

წყარო:პრაიმტაიმი

Comments
Loading...