რატომ იკლავენ თავს ქართველი ახალგაზრდები და რა იწვევს ადამიანში ამ საშინელ ქმედებას

სუიციდი მწვავე პრობლემად რჩება მთელ მსოფლიოში და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. სამწუხაროდ, ხშირია თვითმკვლელობის ფაქტები. განსაკუთრებით სავალალოა, როცა ასეთ მძიმე ნაბიჯს მოზარდი დგამს.

რა ფაქტორები განსაზღვრავს ადამიანში ამ საშინელ ქმედებას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანები მძიმე პრობლემას ასცდნენ, განსაკუთრებით კი მოზარდები. ამ თემაზე გვესაუბრება ნინო ოკრიბელაშვილი, ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:

– სუიციდის, თვითმკვლელობის შემთხვევაში ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური, კულტურული და სამართლებრივი პრობლემები. ფსიქიატრების თვალთახედვით, სუიციდი მჭიდრო კორელაციაშია უმეტესად ემოციური სფეროს დარღვევებთან. აღსანიშნავია, რომ ეს ემოციური დარღვევები მთელი რიგი აშლილობების თანმხლები პროცესებია. თუნდაც მსუბუქი დეზადაპტაციიდან დაწყებული, ისეთი მძიმე ფსიქიატრიული პრობლემებით დამთავრებული, როგორიც შიზოფრენიაა. ამიტომ ემოციური კუთხით ხანგრძლივი და ხშირი ნეგატიური რეაქციები, თავისთავად შფოთვას წარმოქმნის, რაც შეიძლება რაღაც მიზანდასახული მოქმედებების მიზეზიც გახდეს. თუ მოზარდებზე ვსაუბრობთ, აღასანიშნავია, რომ მათი ქცევის მიზანდასახულობა ჩამოუყალიბებელია და მათში შფოთვითი, დეპრესიული რეაქციების წარმოქმნის რისკი დიდია.

– რას იტყვით, – სუციდი ხომ არ გაახალგაზრდავდა?
– ამას ვერ ვიტყოდი, ვინაიდან ცნობილი ფაქტია, რომ 15-დან 40 წლამდე პერიოდში სუიციდი სიკვდილის მიზეზთა შორის სამეულშია. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს პრობლემაა. საქმე ის არის, რომ თვითმკვლელთა ოჯახის წევრებს ისინი ფსიქოფიზიკურად ჯანმრთელები ჰგონიათ. მიმაჩნია, რომ ახლობლებმა ვერ შენიშნეს მათი კრიზისული მდგომარეობა და ვერ ამოიცნეს დაფარული სუიციდური ტენდენციები…

– ფარული სუიციდური ტენდენციების გამოვლენად რა შეიძლება მივიჩნიოთ?
– თინეიჯერობის პერიოდი სავსეა კონფლიქტებით. ისინი კონფლიქტში არიან არა მარტო გარესამყაროსთან, არამედ, თანატოლებთან, მშობლებთან. მათ ამ პრობლემების დაძლევის სტრატეგიები ნაკლები აქვთ. ეს ის პერიოდია, როცა თინეიჯერები მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის რთული საკითხის გადაჭრის ერთადერთ გზად სიკვდილს ირჩევენ. სუიციდი ასეც იწოდებოდა, – ძახილი შველისთვის, ანუ დახმარების ძიების სურვილი.

– მოკლედ, ახალგაზრდა ასე ცდილობს გარშემომყოფთა ყურდღების მიპყრობას…
– სამწუხაროა, რომ ამ ასაკში მეტად არის ისეთი მომენტები, როგორიც არის მაგალითად, სწრაფად მანქანის ტარება, როცა ის ბოლომდე ვერ იაზრებს თავისი ქმედების შედეგს… როდესაც ავარიის შემდეგ გადარჩენილს ეკითხებიან, – თუ რატომ ჩაიდინა ეს? ამბობს, რომ გაბრაზდა, გაღიზიანდა და მივიდა იქმადე, რომ სიცოცხლე არაფრად უღირს. ევროპაში ასეთი არაერთი მაგალითი არსებობს.

– ანუ მათ საკუთარი ქმედების შედეგების გააზრების მომენტი ნაკლები აქვთ…
– როდესაც ახალგაზრდებს ასეთი ადრენალინის მაძიებელი ქცევები აქვთ, შესაძლებელია ბევრი რამ ასევე უცოდინრობიდან გამომდინარე მოხდეს. ხანდახან გოგონები ყურადღების მიპყრობის მიზნით, სხვადასხვა ტიპის მედიკამენტს იყენებენ, რომელთა კომბინაცია თავისთავად შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

კოლაფსის შემთხვევაში, გადარჩენის შანსი ნაკლებია, თუმცა ასეთი მედიკამენტით გამოწვეული სუიციდი, უფრო “კეთილსაიმედოა,” რადგანაც ექიმებს, გარშემომყოფებს გარკვეული დრო აქვთ, რომ დახმარება აღმოუჩინონ.

ძალიან მაღალია და პირდაპირ პროპორციულად იზრდება სიუიციდის ფენომენი, როდესაც ის რაიმე ტკივილს უკავშირდება, ან ქრონიკულ დაავადებებს. პრაქტიკაში მყოლია ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, 17 წლის ახალგაზრდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრძოლა საკუთარი თავის გადარჩენისთვის მობეზრდა. მოკლედ,
ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ რაღაც სერიოზული დანახარჯების გამო მოზარდი შესაძლოა, მძიმე ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს. ეს არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც მოზარდობის ასაკში შეიძლება მოხდეს და საფუძველი გახდეს კრიზისული მდგომარეობის. თან, ამ ნიშნების დაძლევის გზების შესახებ სამწუხაროდ ინფორმირებული არც არის…

– რა უნდა გააკეთოს ამისთვის საზოგადოებამ, მშობელმა, ოჯახმა, რომ თავიდან ავარიდოთ ისინი ამ მძიმე შედეგებს.
– სუიციდის პრევენციულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გარკვეული რეკომენდაციები აქვს, რომელთა გამოყენება აუცილებელი უნდა გახდეს სახელმწიფოებისთვის და ამ ცოდნის შეტანა უშუალოდ სკოლებში უნდა მოხდეს…

მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასა და თვითმკვლელობას შორის მჭიდრო კავშირია. ვინაიდან სასმელის ფონზე მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის ნებითი აქტივობა, მით უმეტეს მოზარდის, რომელსაც ნებელობით სფეროში არ შეუძლია ბევრი რამ წინასწარ განსაზღვროს. ძალიან მაღალი კორელაციაა, არა მარტო ალკოჰოლური ინტოქსიკაციების შემდეგ, არამედ დოზის გადაჭარბებისას, ნარკოტიკული საშუალებების მიღებისას. ავტოაგრესიის არასუიციდურ ფორმებს მიეკუთვნება იგივე ავტოტრავმებიც. გინახავთ ალბათ, ბევრ ახალგაზრდას დასერილი აქვს წინა მხარი. ამით, რაღაც ეტაპზე, შესაძლებელია ვიღაცას უმტკიცებს, რომ ტკივილის განცდა არ აქვს. ჩემთვის, როგორც ფსიქიატრისთვის, ეს გარკვეულად მისი ემოციურად არასტაბილურობის მაჩვენებელია, ემოციურად არასტაბილური პიროვნული დარღვევის, რაც სუიციდური ქმედების მაღალ რისკს შეიცავს. როდესაც ადამიანი ემოციურად არასტაბილურია, გარკვეულ მომენტებში უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება. შესაძლებელია ვიღაცას თავისი დასერილი ხელით აშინებდეს კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.

არსებობს ასევე მანიპულაციური სუიციდი: ამ ფორმას ადამიანი იმისთვის მიმართავს, რომ სხვისი ქცევა შეცვალოს, მაგალითად, ოჯახის, შეყვარებულის… სოციალური დეზადაპტაციის გამომწვევი მიზეზი თუ არსებობს, მაგალითად, კონფლიქტი მეგობრებთან, ამ დროს ასეთი ქცევა, – ეს ავტოაგრესია შეიძლება სუიციდით დასრულდეს. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ მშობელს, იმ თვალსაზრისით, რომ გაიგოს, მათი შვილი ხომ არ იყენებს ალკოჰოლურ საშუალებებს, სააფთიაქო ნარკომანიას, ცუდ წრეში ხომ არ ტრიალებს.

– ანუ საჭიროა მუდმივი კონტროლი?
– არა, მეგობრობაა საჭირო და მაშინ კონტროლი აუცილებელი აღარ იქნება. სხვათა შორის ზედმეტი კონტროლი შეიძლება მაპროვოცირებელი გახდეს სუიციდური დემონსტრაციული ქცევის… იტყვის: როგორ მაკონტროლებ, როცა ვთქვათ, ვარ მეგობარ გოგონასთან ერთად? ამიტომ, 17-16 წლის შვილთან ყოველ წუთში რეკვას, ჯობია, მასთან უფრო ახლო ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყონ. თუმცა 3 წლის ასაკში შვილთან დაწყებული მეგობრობა დაგვიანებულიც კია… რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლებმა პატარები თავიდანვე უნდა მიაჩვიონ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, კოლექტიურ თამაშებში ჩართონ. ვინაიდან არსებობს დეპრესიული აშლილობები, რომელიც მოზარდთა ასაკში შეიძლება გამოხატული იყოს აკადემიური მოსწრების შესუსტებით, ინტერესების გაქრობით, გარკვეული ტიპის მუსიკალური ინტერესების გაჩენით. მაგალითად, ცნობილია, რომ სუიციდებს გარკვეული კორელაცია აქვთ “ნირვანას” მუსიკის მიმდევრებს შორის. ვინაიდან “ნირვანას” წამყვანი სოლისტის თვითმკვლელობის მოდელი მთელი თაობის მიერ გაფეტიშებული იყო. ასეთი მომენტები სერიოზულად მუშაობს მოზარდის ქცევის ფორმირებაზე.

– ამ შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორი არ მოქმედებს?
– ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, რაც დადასტურებულია. თუ ოჯახში არის რამდენიმე სუიციდის შემთხვევა, აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, ხომ არ არის მათთან არადიაგნოსტირებული რაიმე ფსიქიატრიული პათოლოგია, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის. მაგალითად, ბიპოლარული აფექტური აშლილობები, დეპრესია, რეკურანტული დეპრესია, ანუ აფექტური სპექტრის პათოლოგიები და არა თვითონ სუიციდი…

ლალი ფაცია
ამბები.გე

Leave A Reply

Your email address will not be published.