“რაც არ აპატია “თავისუფალ დემოკრატებს”, რატომ პატიობს “რესპუბლიკელებს”?!

ყველასათვის ხომ ცხადია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გარეშე რომ წყვეტდეს კოალიციაში შემავალი სუბიექტების საკითხს, მაშინ, “რესპუბლიკელებს” იგივე ბედი ეწეოდათ (სამართლიანადაც!), რაც “თავისუფალ დემოკრატებს”, ანუ ისინი აღარ იქნებოდნენ კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები და მათი მინისტრები გათავისუფლდებოდნენ თანამდებობებიდან, ისევე, როგორც თავის დროზე “თავისუფალი დემოკრატების” წევრები, რომლებიც იკავებდნენ მინისტრების პოსტებს პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობაში! რაშია საქმე, ნუთუ, პერსონალურ მიუღებლობაში? მხედველობაში მაქვს, ივანიშვილ–ალასანიას გარკვეული პიროვნული მიუღებლობა, რაც, ჩემი აზრით, გამოწვეული იყო ალასანიას ნარცისიზმით, რასაც ვერ ვიტყვით რესპუბლიკელთა ლიდერზე უსუფაშვილზე, რომელიც მუდამ გაწონასწორებულ და მეტიც, მაამებლურ განწყობას ამჟღავნებდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. იმასაც შეგახსენებთ, თუ როგორი “დვურუჩნიკული” პოზიცია დაიკავეს “რესპუბლიკელებმა”, როცა “თავისუფალი დემოკრატები” კოალიციას ტოვებდნენ, – მათ მთლიანად მხარი დაუჭირეს ყოფილ და მოქმედ პრემიერებს. დიახ, ასე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცები იცვლება, ან უკვე შეიცვალა, რადგანაც, ბოლო დროს “რესპუბლიკელთა” (ძმები ბერძენიშვილები, ზურაბიშვილი, ხიდაშელი, თავად უსუფაშვილი და სხვებიც) რიტორიკა აშკარად შემტევი და უკომპრომისო გახდა, – ხელისუფლების მიმართ?!. ამის დამადასტურებლად არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ბოლოდროინდელი განცხადებებიც კმარა საამისოდ. თუნდაც, უსუფაშვილის გამონათქვამები გახმოვანებული “რესპუბლიკელთა” პარტიულ ყრილობაზე, რომ, თურმე – “რესპუბლიკელების გარეშე კოალიცია არ შედგებოდა” და ა.შ… აგრეთვე, დავით ბერძენიშვილის დაუფარავი აგრესია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით, იმის გამო, რომ ნუ იტყვით და, თურმე როგორ გაბედა პრემიერმა პატრიარქის მიერ გახმოვანებული სურვილის (რა დამოკიდებულება აქვთ მათ ეკლესიასთან, ამაზე აქ არ შევჩერდები) განხილვა პარლამენტისთვის ეთხოვა?! დიახ, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად აშკარაა, რომ “რესპუბლიკელები” პრეტენზიულები ხდებიან, სავარაუდოდ, კოალიციის საპარლამენტო სიებში (პროპორციულშიც და მაჟორიტარულშიც) ისინი “ბევრ ადგილებს” მოითხოვენ, როგორც “ყველაზე კვალიფიციურები” კოალიციის სხვა სუბიექტებს შორის. მოკლედ, არ ვიცი და ამიტომაც ვერ გეტყვით, თუ რატომაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რაც არ აპატია “თავისუფალ დემოკრატებს”, რატომ პატიობს “რესპუბლიკელებს”?! ვნახოთ, რა და როგორ განვითარდება, მე კი ვფიქრობ, რომ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებლად დაკრისტალდება, კოალიცია “ქართულ ოცნებას” უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება იმ შემთხვევაში, თუ მის სუბიექტთა შორის აღარ იქნება, 4% – იანი, ამბიციური და არაეროვნული “რესპუბლიკური პარტია”!!!…

ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

Leave A Reply

Your email address will not be published.