რაზე ისაუბრეს პაატა ბურჭულაძემ და მიშა სააკაშვილმა 2 თვის წინ უკრაინაში?

როცა ოპერაზე ჩამოვარდება საუბარი, ბევრ ქართველს, ალბათ, პაატა ბურჭულაძე ახსენდება. მართალია, საოპერო სამყაროში ხშირად მას რუს ბარიტონად მოიხსენიებენ, მაგრამ ეს არა თავად მუსიკოსის, არამედ ჩვენი ტრაგიკული წარსულის ბრალია.

ახლა კი მისი სახით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შესაძლოა, ახალი მოთამაშე გამოჩნდეს. მართალია, „საქართველოს განვითარების ფონდი“ ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობაა, მაგრამ ზედმეტად გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს – პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
ვანო მაჭავარიანი, დავით ჯანდიერი, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე – ეს ადამიანები, მათი ბოლო ქმედებებიდან და სხვადასხვა მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენების აქტიურად შეფასებებიდან გამომდინარე, ერთ გუნდად მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობის ხათრით, ცხადია, არ შეკრულან.
პაატა ბურჭულაძე, სიმღერის გარდა, საქველმოქმედო საქმიანობითაც არის ცნობილი, ის მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ერთია ცნობადობა მომღერლის რანგში და მეორეა პოლიტიკური განაცხადის გაკეთება. ამ ნაბიჯის შემდეგ საზოგადოება ბევრად უფრო დაკვირვებული და კრიტიკული ხდება.
სწორედ ამიტომ, გასაკვირია, რატომ იწყებს პოლიტიკაში მოსვლას მსოფლიო, ბანი რბილად რომ ვთქვათ, „არასწორი ინფორმაციით“. კითხვაზე: ითანამშრომლობს თუ არა ხელისუფლებასთან, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ყველასთან ითანამშრომლებს. ასევე, ღიად ამბობს, რომ კონსულტაციები ყველასთან ჰქონდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ალასანიასთან, მაგრამ რატომღაც არ ახსენებს, რომ, სავარაუდოდ, ძმები მაჭავარიანების ხელშეწყობით აგვისტოში უკრაინაში ფარულად მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ექსპრეზიდენტს შეხვდეს, მაგრამ ის, რომ ამ შეხვედრის შესახებ არავისთვის იყო ცნობილი და ბურჭულაძემაც საგულდაგულოდ დამალა, გარკვეულ ეჭვებს აღძრავს.
საგულისხმოა ის, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ კულუარებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში მოდიოდა. სწორედ „ნაცმოძრაობის“ კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ შემოდგომის მიწურულს ბურჭულაძე ფონდის დაარსების შესახებ ხმამაღლა განაცხადებდა, შემდეგ კი მას პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნიდა.
სწორედ ამ დროიდან დაიწყეს ხათუნა ლაგაზიძემ და ვანო მაჭავარიანმა იმ ადამიანებთან კონსულტაციები, რომლებსაც თავიანთ ფონდში გაერთიანებას სთხოვენ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან პაატა ბურჭულაძეს არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და კავშირები, სამაგიეროდ აქვს გარკვეული შემოსავალი ფონდ „იავნანადან“, ჰყავს მეგობრები, როგორც რუსეთში, ისე ევროპაში და… ერთი შეხედვით, სუფთა წარსული. მეორე მხრივ, სააკაშვილს აქვს პოლიტიკური კავშირები, გამოცდილება და… ასევე, შეიძლება გარკვეული კომპრომატებიც ფონდ „იავნანას“ საქმიანობასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არჩევნებში გამარჯვების შანსი. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხების საბოლოო გავლა და შეჯერება მოხდა უკრაინაში გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც ბურჭულაძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა მისი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ყოფნის სურვილი შესაძლოა, ნებისმიერს ჰქონდეს, მაგრამ დროა, ამ ქვეყნის პოლიტიკოსებმა საკუთარი ხალხის დაფასება ისწავლონ და იყვნენ გულწრფელები მათთან, მით უმეტეს, იმ ხალხმა, ვინც პოლიტიკაში ახლა შემოდის და „გასვრილი“ ნაკლებად არის, ნამდვილად მოვიდა დრო, რომ პოლიტიკას სიტყვა „ბინძური“ ჩამოსცილდეს და ყველამ ერთად, ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე იზრუნოს. ამიტომ, თუ გადაწყვეტილებას იღებ, მით უმეტეს ხალხისგან დაფასებული ადამიანი, აუცილებელია, პატივი სცე შენს თანამოქალაქეებს და გულწრფელი იყო მათთან. თუ სააკაშვილს ესაუბრები, საზოგადოებას არ უნდა უთხრა ნახევრად სიმართლე.
რა გამოდის? ბურჭულაძე უკანდასახევ გზას იტოვებს, ანუ ის ხალხი, ვისაც პოტენციურ ამომრჩევლად მიიჩნევს, როცა გაიგებს, რომ სააკაშვილს შეხვდა, ნათქვამი აქვს, რომ კონსულტაციები ყველასთან გამართა, ხოლო თუ ამას ვერავინ გაიგებდა, მაშინ ისე მოიქცეოდა, თითქოს მიშა არც უნახავს და ხალხი რჩება ისევ „აბსაითში“ , გაუგებრობაში?
„არასდროს მიფიქრია, ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ ასე მაიძულა, უფრო სწორად, მომცა ამის შანსი და მე გამოვიყენე. არასდროს მინდოდა, ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ეს პირობები. დღესდღეობით ჩამოვაყალიბე ფონდი, თუ კიდევ რამე მოხდება, არ უარვყოფ, არც კის გეუბნებით, არც არას. თუ ცხოვრება მაჩვენებს, რომ ეს არის ჩემი გზა, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“, – ეს პაატა ბურჭულაძის პასუხია კითხვაზე პოლიტიკაში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკაში მოსვლამდე კი ბურჭულაძეს ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწევს. შემდეგ – იმის განმარტებაც, რა პირობები შეუქმნა ცხოვრებამ ისეთი, რაც პოლიტიკაში მის აქტიურ ჩართვას განაპირობებს და კარგი იქნება, თუ ეს აღსარება გულწრფელი იქნება, სხვანაირად ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები ფონს უკვე ვეღარ გავლენ და საოპერო სცენას კარგი ბანები ამაოდ მოაკლდებიან.
P.S. „პრაიმტაიმთან“ საუბარში გია ბარამიძემ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრა დაადასტურა. მისი განმარტებით, ოდესაში გამართული კონცერტის შემდეგ მსოფლიო ბანმა სადილი გამართა, სადაც ისინი ერთანეთს მართლაც შეხვდნენ და ილაპარაკეს, ოღონდ პოლიტიკაზე – არა, აღნიშნავს ბარამიძე.
პაატა ბურჭულაძე, რა თქმა უნდა, მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ფოტოები, ალბათ, ბევრ ცნობილ ადამიანთან, მათ შორის პოლიტიკოსთანაც აქვს გადაღებული. თუმცა, როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, ყველაფერი უკვე სხვაგვარ მნიშვნელობას იძენს და ბევრ ფაქტს სხვაგვარი ელფერი ეძლევა.

წყარო
primetimenews.ge

Comments
Loading...