რეალურად, რა ხდება რუსეთსა და თურქეთს შორის და როგორია მომხდარზე მსოფლიო ლიდერთა რეაქციები


ეგვიპტეში რუსული ლაინერის აფეთქება, პარიზში მომხდარი ტერაქტი და ტერორისტების მხრიდან ახალი თავდასხმების საშიშროება, 24 ნოემბერს მომხდარმა ფაქტმა დაჩრდილა. საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქულმა გამანადგურებელმა სირიაში მოქმედი რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. რამდენიმე საათში თვითმფრინავის ჩამოგდების ვიდეორგოლი მთელმა მსოფლიომ იხილა.

ოფიციალურმა მოსკოვმა თურქეთის ქმედება ზურგში დანის ჩარტყმად შეაფასა. პუტინის განცხადებას ერდოღანმა უმალ უპასუხა – “თურქეთი საკუთარი უსაფრთხოების და საზღვრების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა”. ერდოღანის განმარტებით, ჩამოგდებამდე ხუთი წუთის განმავლობაში, რუსულმა ეკიპაჟმა 10 გაფრთხილება მიიღო. ინცინდენტი იმ ადგილას მოხდა, სადაც თურქეთის ტერიტორია მცირე ნაწილით სირიაშია შეჭრილი. ამ მონაკვეთის სიგანე მხოლოდ 10 კმ-ია.

დაზიანებული თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დღის ბოლოს ინტერნეტში ვიდეო გამოქვეყნდა, თუ როგორ ცხრილავენ ჰაერში კატაპულტირებით გადმომხტარ რუს პილოტებს. ერთი-ერთი მათგანის ცხედრის ფოტოები მოგვიანებით გავრცელდა. მეორე პილოტი 12 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ლატაკიის ავიაბაზაზე დააბრუნეს.

უშუალოდ ოპერაციისას რუსებმა კიდევ ერთი საფრენი აპარატი დაკარგეს. მიწაზე მყოფი შვეულმფრენი ამბოხებულებმა მართვადი რაკეტით გაანადგურეს.

თვითმფრინავის და შვეულმფერნის დაკარგვის შემდეგ, მოსკოვმა რეგიონში დისლოცირებულ სამხედრო ხომალდებს და გამანადგურებლებს, მცირე საფრთხის შემთხვევაშიც ნებისმიერი მფრინავი სამიზნის განადგურების განკარგულება მისცა.

მსოფლიო ლიდერებმა მომხდარს განსხვავებული შეფასება მისცეს. ნაწილი მიიჩნევს, რომ თურქეთის ქმედება, სირიის პრობლემის დარეგულირების და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ახალი კოალიციის ჩამოყალიბების პროცესს გააჭიანურებს.

23 ნოემბერს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ ერნესტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ორგანიზებულ კოალიციაში რუსეთი მიიწვიოს. მან დასძინა, რომ აშშ ამ ალიანსში როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ საკითხში წამყვან როლს თამაშობს.

ერთი კვირით ადრე ანალოგიური შინაარსის განცხადება საფრანგეთის ლიდერმა ფრანსუა ოლანდმაც გააკეთა. პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში ორი ქვეყნის სამხედრო ხომალდების და თვითმფრინავების კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ.

23 ნოემბერს ავიამზიდ “შარლ დე გოლიდან” აფრენილმა თვითმფრინავებმა სირიასა და ერაყში პირველი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ავიამზიდთან ერთად, ხმელთაშუა ზღვაში ფრანგული ფრეგატი “ლა მოტპიკე” და წყალქვეშა ნავი “რიუბი” მოქმედებენ. ასევე ბრიტანული საესკადრო ნაღმოსანი “დეფენდერი” და ბელგიური ფრეგატი “ლეოპოლდ I”.

კოალიციის მოქმედების მიუხედავად, “ისლამური სახელმწიფო” ნელ-ნელა მოქმედების არეალს აფართოებს. “ალ ქაიდასგან” განსხვავებით, რომელიც წერტილოვანი სქემით მოქმედებდა, “ისლამური სახელმწიფო” დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. ის ერაყის მესამედს და სირიის ნახევარზე მეტს აკონტროლებს.

დიდი ტერიტორია დაჯგუფებას დიდ ფინანსურ შემოსავალს აძლევს. არსებული ცნობით, მატერიალური აქტივების ჯამური ღირებულება 2 ტრილიონს აღემატება. “ქეშის” სახით ტერორისტების განკარგულებაში 2 მილიარდამდე დოლარია. მათ შორისაა დაკავებულ ტერიტორიებზე გაძარცვული ბანკებიდან მითვისებული თანხებიც. მხოლოდ ერაყში მოსულის ცენტრალური ბანკის ფილიალიდან, 2014 წლის ზაფხულში ტერორისტებმა 0,5 მილიარდი ერაყული დინარი გაიტაცეს.

დიდმა ფულმა “ისლამური სახელმწიფოს” უნიკალურობა განაპირობა. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ტერორიტული ორგანიზაცია გარე სპონსორებზე სულ უფრო ნაკლებად ხდება დამოკიდებული.
ნაძარცვ ქონებასთან ერთად, მისი შემოსავლის ლომის წილი ნავთობით უკანონო ვაჭრობაზე მოდის. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2015 წელს “შავი ოქროს” კონტრაბანდამ ისლამისტებს 500 მლნ აშშ დოლარი მოუტანა. Financial Times-ის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლქვეშ მყოფი
ტერიტორიიდან ყოველდღიურად 25-40 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებენ. ისინი ერაყში ექვს, სირიაში კი – ცხრა ნავთობის მსხვილ საბადოს აკონტროლებენ. შემოსავლის კიდევ ერთი წყარო მძევლებში გადახდილი გამოსასყიდი და ისტორიული არტეფაქტებით ვაჭრობაა.

“ისლამური სახელმწიფოს” ნავთობის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი თურქეთია. სირიაში მოქმედი და თურქეთის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ქურთები ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ.

Comments
Loading...