რემიერი: კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველო არის ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის არჩევანს – გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

პრემიერის თქმით, ეს შეხვედრა არის ნატო-ს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის გაწევრიანებისთვის მომზადებას.

„ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორცილებისთვის. დღეისთვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს. ამ კონტექსტში ნატო-ს, როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე არის უაღრესად დინამიური, რის დასტურადაც ნატო-საქართველოს ორი წარმატებული პროექტი – წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა დაასახელა.

„ნატო-ს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ და დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ამ პროექტების განხორციელების თაობაზე. ქართული მხარე ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-ში უკანასკნელ პერიოდში დაწყებულ სტრატეგიულ დისკუსიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველო არის ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილურობის გარეშე,“ – განმარტა პრემიერმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ.

Comments
Loading...