„რესპუბლიკელებმა“ „ცენტრისტების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადეს

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა პარტია „ცენტრისტების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადეს.

სარჩელში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს, „რესპუბლიკელები“ საკონსტიტუციო სასამართლოს „ცენტრისტების“ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავენ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 08 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიუკური გაერთიანების – „ცენტრისტების” მიერ განცხადებული საარჩევნო მიზანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოება, სადაც გამოიკვეთა კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, განცხადება გაკეთდა მრავალგზის საჯაროდ და მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ“, – ნათქვამია პარტიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში.

„რესპუბლიკური პარტია“ მიიჩნევს, რომ „ცენტრისტების“ ლიდერების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები და მოწოდებები პოლიტიკური გაერთიანების მიზნების ანტიკონსტიტუციურობას ადასტურებს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, არ არსებობს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძველი.

ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის საარჩევნო კლიპს პოლიტიკურ წრეებსა და უშუალოდ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რის გამოც, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვენ.

„ცენტრისტების“, როგორც პოლიტიკური პარტიის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად მიმართავს.

Comments
Loading...