ბარაკ ობამა: რონალდ რეიგანმა რომ გაიგოს, „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდამჭერთა 37% პუტინის – „კა-გე-ბეს“ აგენტის მხარდამჭერია, კუბოში გადატრიალდებოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „დემოკრატიულ პარტიაზე“ ჰაკერული შეტევები რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში წყდებოდა.
BBC-ის ინფორმაციით, ჟურნალისტების კითხვაზე – თუ საიდან აქვს მას ის ინფორმაცია, რომ კიბერშეტევებს თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გეგმავდა, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის როლი ფორმალური და არაფორმალური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში უცვლელია.
„ცოტა რამ ხდება რუსეთში ვლადიმერ პუტინის გარეშე. ეს ძალიან იერარქიული ოპერაციაა. დაზვერვის მონაცემები როდესაც ვნახე, მაძლევს იმის თავდაჯერებულობას, რომ ზუსტად რუსებმა განახორციელეს ეს კიბერშეტევა“, – აღნიშნა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში, წინასაშობაო არდადეგამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშს-ს პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ვერსიას დაზვერვის მოხსენება განამტკიცებს, სადაც მოყვანილი იქნება დეტალურად შეგროვილი მონაცემები, რომელიც საჯარო 20 იანვარს გახდება. სწორედ ამ დღეს ეწურება ბარაკ ობამას პრეზიდენტის უფლებამოსილება.
როგორც ობამამ აღნიშნა, ყველა შესაძლო მტკიცებულება, დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში იქნება ასახული.
ობამას აზრით, პოლიტიკურმა პოლარიზაციამ აშშ სხვა ქვეყნების მაქინაციების მიმართ დაუცველი გახადა.
„რესპუბლიკური პარტიის“ მხარდამჭერთა 37% ვლადიმერ პუტინის -„კა -გე-ბეს“ აგენტის მხარდამჭერია. რონალდ რეიგანმა ეს რომ გაიგოს კუბოში გადატრიალდებოდა“, – აღნიშნა ობამამ.
აშშ-ს პრეზიდენტმა საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ვაშნიგტონი რუსი ჰაკერების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს