რევაზ არველაძე – თუ ძალიან გაჭირდება, აფხაზეთმა ელექტროენერგია რუსეთიდან უნდა მიიღოს

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტ რევაზ არველაძის აზრით, გამომდინარე იქედან, რომ “ენგურჰესის” წყალსაცავი ნამდვილად დაცლის პირასაა, ყველაზე რეალურია, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან მიიღოს ელექტროენერგია.

ამასთან, როგორც არველაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განმარტავს, პრობლემა რეალურად დგას შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და მისი გადაწყვეტა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება წყლის შემოდინება, “თორემ ზაფხულის პირობებში “ენგურჰესიდან” გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნილებას, აფხაზეთის ჩათვლით და გარკვეული ნაწილი, შეიძლება, ექსპორტზეც იქნას გატანილი”.

“წლევანდელი წელი არ იყო უხვწყლიანი, ამიტომაც “ენგურჰესის” წყალსაცავი ზამთარს სავსე ვერ შეხვდა. მეორე ამბავია ის, რომ ეს ძალიან კარგად იყო ცნობილი, ამიტომ გრაფიკების შემოღება და მოხმარების შეზღუდვა აფხაზურ მხარეს უფრო ადრე უნდა დაეწყო. იმის მოლოდინი, რომ დეკემბერსა და იანვარში წვიმები მოვიდოდა და წყალსაცავი შეივსებოდა, რა თქმა უნდა, ილუზორულია. მოგეხსენებათ, აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებს 220 კვ-იანი ხაზი ბზიფიდან ადლერის ქვესადგურამდე, ასევე, კიდევ ერთი 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი. აქედან გამომდინარე, თუ ძალიან გაჭირდება, აფხაზეთმა ელექტროენერგია რუსეთიდან უნდა მიიღოს”, – განაცხადა არველაძემ.

რევაზ არველაძე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ შესაძლებლობაზე – ომის დროს დატბორილი სამი ვარდნილი ელექტროსადგურის აღდგენაზე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის თქმით, თუ სჭირდება, აფხაზურ მხარეს შეუძლია, ამ პრობლემის გადასაჭრელად თბილისს მიმართოს.

მისივე თქმით, გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ძველი სადგურები გაჩერდა, თუმცა საქართველოს დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით მათი ჩართვა და ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდება შეუძლია, თუმცა არველაძე ხაზს უსვამს, რომ აფხაზები ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან.

“აფხაზეთი, იმის მაგივრად, რომ ენერგოსისტემა განავითაროს და აღადგინოს მაგალითად, ჰესი ტყვარჩელში, ააშენოს სხვა ელექტროსადგურები, მარტო “ენგურჰესზე” არის ჩამოკიდებული. ამასთან, რომ აფხაზეთი კატეგორიულად არ ასრულებს იმ განაწილებას, რომელიც სიტყვიერად მოხდა საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, რომლის მიხედვითაც გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღო აფხაზეთს და 60% _ საქართველოს და ზამთარში “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100% მიაქვს, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაზარალებს და საქართველოს ცენტრალური ხელისულება იძულებულია, იმპორტით შემოიტანოს ელექტროენერგია იმ დროს, როდესაც მისი წილი 60% ოკუპირებულ რეგიონს მიაქვს”, – განაცხადა არველაძემ.

რაც შეეხება “ენგურჰესის” მუშაობის ტექნიკურ მხარეს, რევაზ არველაძე განმარტავს, რომ “ენგურჰესს” 2004 წლამდე ჰქონდა საპროექტო ინსტიტუტისგან აღებული ნებართვა, რომ გამოემუშავებინა ელექტროენერგია წყლის დონის 420 ნიშნულამდე, თუმცა შემდეგ ეს ნებართვა არ განახლებულა.

“წესით, თუ ახლა რომელიმე საპროექტო ინსტიტუტმა არ მისცა უფლება 420 ნიშნულამდე დამუშავების, მაშინ 440-ზე ქვევით დამუშავების უფლება არ აქვს და 440 ნიშნულზე უკვე არის წყალი ჩამოსული. თვითონ ტურბინის გაჩერების საჭიროება 420 ნიშნულზე არ არის, ტურბინამ 410-ზეც შეიძლება იმუშაოს და უფრო ნაკლებზეც, თუმცა ეს კაშხლის საიმედოობისთვის იქნება სახიფათო”, – განმარტა რევაზ არველაძემ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, “ენგურჰესის” წყალსაცავში წლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება. ჰიდროელექტროსადგურზე 25 იანვრიდან 15 აპრილამდე დროებითი გათიშვის სისტემა ამუშავდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, თუ არ იქნება წყალუხვობა, წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, რის შემდეგაც, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა შეჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰესი მუშაობას შეწყვეტს.

აღნიშნულ საკითხზე დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმაც გააკეთა კომენტარი. კახა კალაძემ დაადასტურა, რომ არსებობს საშიშროება აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ.

“შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ერთობლივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული და რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩნენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, “ენგურჰესი” ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. ჰიდროაგრეგატები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, კაშხალი და წყალსაცავი კი, დანარჩენი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

Comments
Loading...