როდის არ შეიძლება ყურების გახვრეტა


მყავს 4 წლის გოგონა. გვთხოვს ყურების გახვრეტას. შეიძლება თუ არა ამ ასაკში ყურების გახვრეტა? ძლიერი სტრესი ხომ არ იქნება ეს ორგანიზმისთვის?

ბევრი მშობელი შეშფოთებით კითხულობს, ხომ არ მიაყენებს ტრავმას ყურების გახვრეტა მის პატარას. არადა, მასაც უნდა გაპრანჭვა, თანატოლებთან ლამაზი საყურეებით თავის მოწონება.

როდის შეიძლება ყურების გახვრეტა?
წინათ მიაჩნდათ, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უკეთესი – მით უფრო ნაკლებად აცნობიერებს, რა ხდება; ტკივილთან დაკავშირებული სტრესი მალე გაივლის, ხოლო საყურეებით მიღებული სიხარული დიდხანს გაჰყვება. ამჟამად ექიმები და ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ: უმჯობესია მოვიცადოთ, სანამ ბავშვი თვითონვე არ მოგვთხოვს ამას. თუ თქვენი გოგონა უკვე დაჟინებით გთხოვთ ყურების გახვრეტას, ესე იგი საამისო დროც მოსულა. საჭიროა, პროცედურისთვის მოემზადოთ.

როგორ ტარდება პროცედურა
ყურის ბიბილოზე მრავალი რეფლექტორული წერტილია. ისინი დაკავშირებულია სახის მიმიკურ კუნთებთან, ენასთან, თვალებსა და სხვა ორგანოებთან, ამიტომ ყურების გახვრეტას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. გახურებული მახათი დაივიწყეთ და გოგონა მიიყვანეთ სალონში, ექიმ კოსმეტოლოგთან, რომელიც პროცედურას უმტკივნეულოდ და გაურთულებლად ჩაატარებს. მან იცის, სად უნდა გახვრიტოს ყურის ბიბილო, რომ არ შეეხოს რეფლექტორულ წერტილებს და არ ატკინოს პატარას. ყურების გასახვრეტად ყველაზე გავრცელებული მოწყობილობაა ე. წ. პისტოლეტი. კოსმეტოლოგი შეარჩევს წერტილს, მონიშნავს და შემდეგ ამ ხელსაწყოს საშუალებით ხვრეტს. შედეგად ყურზე ჩნდება ნახვრეტი, მასში კი ფერადთვლიანი საყურე ბრწყინავს. არავითარი ტკივილი! მაქსიმუმი, რაც შეიძლება იგრძნოს ბავშვმა, წვაა.

როგორ მოვუაროთ ჭრილობას
მიუხედავად პროცედურის სიმარტივისა, ნუ დაივიწყებთ, რომ გახვრეტილი ადგილი წარმოადგენს ჭრილობას, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ჭრილობა რომ სწრაფად და კარგად შეხორცდეს, არ დაჩირქდეს, აუცილებელია მისი მოვლა. გირჩევთ:
დილა-საღამოს, ასევე – ქუჩაში გასეირნებისა და წყლის პროცდურების შემდეგ ნახვრეტი კალენდულას ნაყენით დაამუშაოთ.
დღეში რამდენჯერმე – სასურველია, დამუშავებამდეც – ფრთხილად ატრიალოთ საყურე აქეთ-იქით.
ეცადეთ, ბავშვმა ერთი კვირა მაინც არ დაისველოს ყურები.
ნუ მოხსნით საყურეს, სანამ ჭრილობა კარგად არ
შეუხორცდება. ამას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
თმა ყოველთვის შეკრული ჰქონდეს, რომ ჭრილობას არ შეეხოს.

როდის არ შეიძლება ყურების გახვრეტა?
ყურების გახვრეტა არ არის რეკომენდებული, თუ ბავშვი ალერგიულია. პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ ალერგოლოგთან. თითქმის ყველა ლითონი, რომლისგანაც მზადდება სამკაულები, შეიცავს კომპონენტებს, რომლებმაც შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. არ არის რეკომენდებული ყურების გახვრეტა 1 წლამდე. კარგი იქნება, თუ 3 წლამდეც მოიცდით. მთავარი უკუჩვენება კი ბავშვის წინააღმდეგობაა. თუ მას არ სურს, არც უნდა დავაძალოთ.

Comments
Loading...