როგორ «დაავერბოვკა» «გე-რე-უ»-მ ვანო მერაბიშვილი და გია ბარამიძე

ვინ არის ვიქტორ შეიმანი და ვის ახვედრებდა თემურ ალასანია ლევან მაისურაძის პასპორტით ვანო მერაბიშვილს

«ქართულ სიტყვა» აგრძელებს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკის, სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილითანამშრომლის, უსაფრთხოების ექსპერტის, კონსტანტინე ფორჩხიძის სკანდალურ ინტერვიუების არქივიდან გამოქვეყნებას. ინტერვიუს ამ ნაწილში იარაღით უკანონო ვაჭრობის გარდა, ფორჩხიძე ზოგიერთი «ნაციონალის»,მაგალითად, ვანო მერაბიშვილისა და გია ბარამიძის რუსულ სპეცსამსახურებთან საეჭვო ურთიერთობის შესახებაც საუბრობს.

– ბატონო კოტე, იარაღის უკანონო ბიზნესში, როგორც თქვენი ინტერვიუს პირველი ნაწილიდან გახდა ცნობილი,სააკაშვილის ხელისუფლების ე.წ. ხერხემალი, ამჟამად პატიმარი ივანე მერაბიშვილიც ფიგურირებს. სხვათა შორის, კარგახანია, მუსირებს აზრი, რომ «ხერხემალს» რუსულ სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი… ამ ვერსიის დადასტურებაშეგიძლიათ?

– ძალიან რთულია, ადამიანს დაუმტკიცო, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელია. ეს დროში გაწელილი პროცესია და ისე არ ხდება, «ნაციონალები» ადამიანს აგენტობას ერთ დღეში რომ უმტკიცებდნენ. ოპერატიულად საინტერესო პიროვნებაზე მუშაობა, შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პიროვნებას უცხოეთის სპეცსამსახურებთან კონტაქტი აქვს, მასზე ოპერატიული აღრიცხვის საქმე იქმნება.

– «ოპერატიული აღრიცხვის საქმე» რას ნიშავს?

– არ შეიძლება, მკითხველმა დეტალები იცოდეს.

– არც იმას მეტყვით, ვანო მერაბიშვილისა და რუსეთის სპეცსამსახურის ურთიერთობაზე საფუძვლიანი ეჭვი პირველადროდის გაჩნდა?

– ალბათ, გახსოვთ, მერაბიშვილმა სკანდალური განცხადება ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როცა პარლამენტის წევრი იყო და ამ განცხადებით, პრაქტიკულად, «მოქკავშირის» დაშლა დაიწყო. არ გეგონოთ, რომ მერაბიშვილის მიმართ პირადი წყენა მაქვს…

– პრინციპში, არც ეგაა გამორიცხული, რამეთუ სამსახურიდან გაგათავისუფლათ…

– სხვათა შორის, ჩემი დათხოვის მოტივაციას გვიან მივხვდი… ჯერ დამაწინაურეს, რამდენიმე კვირაში კი, უცებ გამათავისუფლეს, თან უნდოდათ, რომ ბრალი ოფიცრის ღირსების შელახვაში დაედოთ, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ მერაბიშვილს ვუჩივლებდი…

– სპეცსამსახურიდან რომ დაგითხოვეს, რა თანამდებობა გეკავათ?

– ჯერ სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ვმუშაობდი, შემდეგ – კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურში, რომელიც კუდ-ის წინამორბედი იყო და სადაც სომხურ-აზერბაიჯანული და მაჰმადიანი მესხების ხაზი მიმყავდა, ანუ ეს, პრაქტიკულად, პენსიონერის თანამდებობა იყო. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, ახალი ხელმძღვანელობა, კერძოდ, ამირან მესხელი მოვიდა. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია იყო… მაშინ კუდ-ის წინამორბედის სამსახურში სულ სამი განყოფილება არსებობდა. ერთს გია ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მერე, კუდ-ში ძალიან მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ახლაც შსს-შია, მეორე განყოფილების უფროსი ვაჟა მაზმიშვილი იყო, მესამეს კი, მე ვხელმძღვანელობდი… მოკლედ, განყოფილების ათწლიანი უფროსობის შემდეგ, სამმართველოს უფროსად გადამიყვანეს. საერთოდ, პროფესიონალები განყოფილების უფროსობაზე წინ ვერც ადრე მიდიოდნენ და ვერც – ახლა, რადგან განყოფილება უშიშროების სამსახურის ის რგოლია, რომელიც რეალურად მუშაობს… სამმართველოს უფროსობიდან სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში გადამიყვანეს, რომელსაც მაშინ კოდუა ხელმძღვანელობდა, მისი მოადგილე კი კახა მისირელი გახლდათ… ამ თანამდებობაზე სულ რაღაც ერთი კვირა ვიმუშავე და გამათავისუფლეს…

– ასეთი რა ჩაიდინეთ, რომ დაწინაურებიდან ერთ კვირაში უსამსახუროდ დარჩით?

– არაფერი ჩამიდენია, უბრალოდ, სცენარი დადგეს: ჩემი განყოფილების უფროსმა მოიტანა ინფორმაცია, რომ ავჭალის რკინიგზის სადგურზე, რელსებზე «ტროტილი» იყო დამონტაჟებული. სხვათა შორის, წინა დღეს მორიგე ვიყავი, მაგრამ ვასილ სანოძის ბრძანებით, შემთხვევის ადგილას მაინცდამაინც მე გამიშვეს… მან, ვინც ყველაფერი დაგეგმა, როგორც ჩანს, კარგად იცოდა, მოვლენები როგორ განვითარდებოდა – ეს საქმე, ქვემდებარეობით, სოდ-ს ეკუთვნოდა და კუდ-ის ის სამმართველო, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, ბოლომდე არ გამოიძიებდა. წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, ვინმე კაკო ტეტუნაშვილი იყო, თუმცა მაშინვე აღვნიშნე, რომ ტეტუნაშვილი წყარო ვერ იქნებოდა, რადგან ის ოპერატიული დამუშავების ობიექტი ჯერ კიდევ 1998 წლიდან, გუჯარ ყურაშვილის საქმიდან იყო. მოკლედ, ვთქვი, რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა და, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მასთან შეხვედრა მოვითხოვე, თუმცა განყოფილების უფროსმა არ შემახვედრა. სხვათა შორის, ეს პიროვნება დაკითხული დღემდე არაა… რამდენიმე წლის შემდეგ, ტეტუნაშვილი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ მაშინაც არავის უკითხავს, ავჭალის რკინიგზის სადგურში «ტროტილის» არსებობის შესახებ ინფორმაცია საიდან ჰქონდა.

– გამოდის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება თავად სპეცსამსახურმა ჩადო?

– დიახ. ჩემი მოცილება უნდოდათ და «გემრიელადაც» მომიცილეს…

– «ნაციონალებისთვის» მიუღებელი რატომ გახდით?

– მთელი ცხოვრება რუსეთის სპეცსამსახურებს ვებრძოდი. ოპერატიული მუშაკი, ბუნებრივია, თავის კვალს ტოვებს და ამაზე ის დოკუმენტებიც მეტყველებს, რომლებიც შსს-ში, როგორც უშიშროების სამსახურის სამართალმემკვიდრეში, დღესაც უნდა ინახებოდეს…

– მოკლედ, ბატონო კოტე, უშიშროებაში რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული ადამიანები მოვიდნენ, ამშემთხვევაში, ამირან მესხელზეა ლაპარაკი და სამსახურიდან ამიტომ დაგითხოვეს, არა?

– კი ბატონო… სხვათა შორის, მესხელი მოვიდა თუ არა, ლიტერული საქმეების ქექვა დაიწყო.

– რატომ?

– აინტერესებდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურში მასზე რამე მასალა არსებობდა თუ არა.

– არსებობდა?

– დიახ…

– ისე, მესხელი არცთუ ასაკოვანია და, საინტერესოა, რუსულმა სპეცსამსახურებმა სკოლაში სწავლისას «დაავერბოვკეს»?

– არ ვიცი, სად, როდის და ვინ «დაავერბოვკა», მაგრამ არსებობდა გარკვეული ინფორმაცია მისი და «გე-რე-ვე»-ზეს ბაზის კავშირზე. ეს ბაზა ახალქალაქში მდებარეობდა…

– ოპერატიული ინფორმაცია ვანო მერაბიშვილზეც იყო?

– მერაბიშვილი პოლიტიკური მოღვაწეა და მასზე ოპერატიული ინფორმაცია არ იარსებებდა, მაგრამ სპეცსამსახურის თანამშრომლებს საიმისო ცოდნა აქვთ, რომ ადამიანში ის ნიშნები აღმოაჩინონ, რაც საინტერესოა.

– ერთი ნიშანი მითხარით, რომელიც მერაბიშვილის რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაზე მიანიშნებს…

– შეიძლება, დიქცია და გადმოცემის უნარი არ უვარგა, მაგრამ ჯერ კიდევ «მოქკავშირში» მოღვაწეობისას საკმაოდ ინფორმირებული იყო. საერთოდ, სხარტი გონების «ტიპია» და ინფორმაციის მიღება-გადამუშავება, ამასთან, ამ ინფორმაციიდან მთავარის გამოყოფა შეუძლია.

– ბატონო კოტე, ინფორმაციიდან მთავარის გამოყოფა ჟურნალისტებსაც გვახასიათებს და, თქვენი ლოგიკით,ჟურნალისტებიც სპეცსამსახურის თანამშრომლები ვართ?

– არა, არა, ამას არ ვამბობ, თუმცა სპეცსამსახურის თანამშრომლები და ჟურნალისტები ერთმანეთს ძალიან ვგავართ…

სხვათა შორის, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, სამსახურიდან მხოლოდ მე კი არა, ყველა ის ადამიანი დაითხოვეს, რომელიც სპეცსამსახურში 90-იან წლებში მივიდა და საბჭოთა მენტალობასთან შეხება არ ჰქონდა. «ნაციონალებმა» კადრების სამმართველოს უფროსად საბჭოთა «კა-გე-ბე»-ს თანამშრომელი ალეკო ნასყიდაშვილი დანიშნეს. კონტრდაზვერვა, დროთა განმავლობაში, ხელთ, ასევე, საბჭოთა «კა-გე-ბე»-ს თანამშრომელს, შალვა ჟღენტს ჩაუვარდა… იცით, როგორი იყო? – უშიშროებაში თანამდებობაზე «კმარელს» ნიშნავდნენ, რომელსაც მრჩევლად, ან თანაშემწედ საბჭოთა «კა-გე-ბე»-ს თანამშრომელი ჰყავდა.

– სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ შს მინისტრობისას, მერაბიშვილი ინტერვიუს მხოლოდ რუს ჟურნალისტებსაძლევდა და პუტინისგან მართული მედია ქართული პოლიციის რეფორმებზე აღფრთოვანებული საუბრობდა…

– იცით, საქართველო რამ დაღუპა და «ნაციონალებმა» ტოტალიტარული სისტემა როგორ შექმნეს?

– როგორ?

– როგორ და, – ბალანსის დარღვევით. შსს-სა და უშიშროების სამსახურების ერთად ყოფნა არ შეიძლება, რადგან ასეთ დროს ორივე უწყება ერთიანი აგენტურული ქსელით სარგებლობს, რაც უშიშროების სამსახურს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. «ნაციონალებმა» უშიშროების სამსახურის, პრაქტიკულად, ლიკვიდაცია მოახდინეს და მისი ფუნქცია მხოლოდ იდეოლოგიის შექმნაღა იყო. კონტრდაზვერვამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. არადა, უშიშროება, სინამდვილეში, კონტრდაზვერვაა…

– ეს რუსული სცენარი იყო?

– რა თქმა უნდა… მნიშვნელოვანი რგოლია სამხედრო კონტრდაზვერვაც, მაგრამ «ნაციონალებმა» გააუქმეს და ის საბჭოთა სპეცსამსახურებგამოვლილთა ხელში მოაქციეს. 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, ბრძანება გამოსცა და სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლებს ობიექტებზე შესვლა აუკრძალა, რითიც პრეზიდენტის განკარგულება დაარღვია, ანუ ომის წინაპერიოდში თავდაცვის სამინისტრო, პრაქტიკულად, სამხედრო კონტრდაზვერვის გარეშე არსებობდა, რაც მიზანმიმართული მოქმედების შედეგი იყო… სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შსს-ში შესვლაც უდიდესი შეცდომა იყო…

– «ნაციონალების» ამ სპეცსამსახურულ თამაშში მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია როდიდან ჩნდება?

– თემურ ალასანია თამაშში მაშინვე იყო ჩართული, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. მაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ თემურ ალასანიამ ჩაშალა ე.წ. ბოინგის პროექტი, რომლის განხორციელებასაც პანტიკო თორდია აპირებდა. აეროპორტის ტერმინალები კი, ალასანიასთან დაახლოებულმა ტიპებმა ჩაიგდეს…

სხვათა შორის, თემურ ალასანიამ ვანო მერაბიშვილი ვიქტორ შეიმანს დააკავშირა.

– შეიმანი ვინაა?

– შეიმანი ბელორუსიის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, საბჭოთა უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და «ფე-ეს-ბე»-ს ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი პატრუშევის მეგობარია. შეიმანი, როგორც ვიცი, რუსებთან რუსია, ებრაელებთან – ებრაელი…

– ბატონო კოტე, თქვენი ინფორმაციით, თემურ ალასანიამ ვანო მერაბიშვილი შეიმანს რა მიზნით დააკავშირა?

– ერთობლივი საქმიანობის, ანუ იარაღით უკანონო ვაჭრობის მიზნით. დიახ, ვამტკიცებ, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობაში ვანო მერაბიშვილიც იყო ჩართული. 2009 წლის თებერვალში «ბელტრეიდინგმა» შსს-ს ისეთი საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა შემოუტანა, რომელიც შსს-ს არ სჭირდება. მაგალითად, ფეხოსანთა მინები, ასაფეთქებელი საშუალებები…

– თუკი ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და, როგორც პირად საუბარში ახსენეთ, გია ბარამიძეც რუსულისპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ, აბა, «ნაციონალების» მიერ გაშლილი ანტირუსული კამპანია რითი უნდაავხსნათ?

– არ ვამბობ, რომ თანამშრომლები იყვნენ, თუმცა საამისო ნიშნები არსებობს. რაც შეეხება ანტირუსულ ისტერიას, ფილოსოფიაში დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონი არსებობს – იმისთვის, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში თავისი მიზნები შეასრულოს, შიგნიდან გამაღიზიანებლები სჭირდება. ეს გაღიზიანება კი, რიტორიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ანუ მტკიცების მიუხედავად, დასავლეთისკენ მივდივართო, «ნაციონალები» რუსეთის საქმეს აკეთებდნენ…

– მაშასადამე, ამერიკული სპეცსამსახურები, მინიმუმ, არაპროფესიონალები არიან, რამეთუ «ნაციონალების» რუსულითამაშები თავიდანვე ვერ გაშიფრეს…

– არსებობს ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს ორი მეგობარი სპეცსამსახური. მიხვდით, რისი თქმაც მინდა?

– სიმართლე გითხრათ, ვერა… ამერიკელებმა «ნაციონალთა» რუსული თამაშები ვერ გაშიფრეს?

– საქმეც ეგაა, რომ გაშიფრეს, მაგრამ მათი ხელისუფლებიდან უცებ ჩამოცილება კატასტროფა იქნებოდა. ისე, გგონიათ, რომ აშშ-ის სპეცსამსახურმა ყველაფერი იცის, რაც დედამიწის ზურგზე ხდება? ისიც საგულისხმოა, რომ აშშ-ის სპეცსამსახური საქართველოში აქტიურად 2004 წლიდან შემოვიდა… კარგად გამიგეთ: საქართველო არც რუსულ მხარეს აინტერესებს და არც – ამერიკულს. საქართველო სპეცსამსახურების ბრძოლის პოლიგონადაა გადაქცეული და დღეს აქ მუშაობენ ირანის, თურქეთის, აშშ-ის, ისრაელის, რუსეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურები.

– ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, ვანო მერაბიშვილს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი რისთვისსჭირდებოდა?

– პიროვნებას, რომელზეც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს შს მინისტრია, ე.წ. შენიღბვითი პასპორტი არ სჭირდება, მაგრამ ამ პასპორტით მერაბიშვილი, მაგალითად, სომხეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საიდუმლო შეხვედრებზე დადიოდა და არ უნდოდა, რომ საზღვარზე დაფიქსირებულიყო.

– მხედველობაში რა საიდუმლო შეხვედრები გაქვთ?

– ეს შეხვედრები შეიძლება, იარაღით უკანონო ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული… საერთოდ, იარაღის უკანონო ბიზნესში ყველა ის პირი იყო ჩართული, ვინც თავდაცვის სამინისტროს ბოლო 9-10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მაგრამ მერე, ერთმანეთს, როგორც ჩანს, ფულის გამო დაუპირისპირდნენ…

– ბატონო კოტე, პრივატული საუბრისას იეჭვეთ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირი შესაძლოა, გიაბარამიძესაც ჰქონდეს. ამ ეჭვის საფუძველს რა გაძლევთ?

– ახლავე გეტყვით: 2012 წელს გია ბარამიძემ უკრაინულ «ზერკალა ნედელიასთან» ინტერვიუში გამაოგნებელი განცხადება გააკეთა, «უკსპეცექსპორტი» საქართველოს იარაღით ამარაგებდა და ეს თანამშრომლობა დღემდე გრძელდებაო. სახელმწიფო მოღვაწე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ბარამიძის ამ ინტერვიუს საპასუხოდ, უკრაინულმა მხარემ საგანგებოდ განაცხადა, 2011 წლის შემდეგ, საქართველოსთან იარაღით ვაჭრობაში საერთო არ გვაქვსო. საერთოდ, იარაღით ვაჭრობა საიდუმლო ინფორმაციაა და კომპანიები, რომელთაც საამისო ლიცენზია აქვთ, საქმის კურსში გაერო-ს შესაბამის სამსახურებს აყენებენ…

– თუკი არსებობს ეჭვი, რომ გია ბარამიძე რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა, ესე იგი, შეგვიძლია,ვივარაუდოთ, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეშიც ამიტომ გარიეს?

– გამორიცხული არაფერია… პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ბარამიძე სპეცსამსახურთან თანამშრომლობს, მაგრამ ძალიან საყურადღებო ნიშნები არსებობს, რაზეც შესაბამისმა სამსახურმა უნდა იმუშაოს… პოლიტიკაში მოღვაწეობისას გია ბარამიძის ყველა ნაბიჯი და განცხადება პროვოკაციულია! «ზერკალა ნედელიაში» გაკეთებული განცხადებაც პროვოკაციულია, რომელსაც შეიძლება, რამდენიმე მიზანი ჰქონდა: ერთი ის, რომ დაედასტურებინა, საქართველო ნამდვილად ყიდულობდა იარაღს. მეორე – რუსეთისთვის საშუალება მიეცა, ეთქვა, ხედავთ, საქართველო და უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებენო…

– აფრასიძეების ჩაცხრილვაც იარაღის ბიზნესის კონტექსტში უნდა განვიხილოთ?

– არ მგონია, ეს უფრო იმ სახელმწიფოს მშენებლობას ემსახურებოდა, რომელსაც «ნაციონალები» აშენებდნენ. რუსეთს თავის საზღვრებთან დემოკრატიული სახელმწიფო არ სჭირდებოდა და არც სჭირდება. ამიტომ, ყოველთვის შეეცდება, რომ გავლენის აგენტების დახმარებით, სახელმწიფო სტრუქტურებში შეაღწიოს და ამით თავისი მიზნები განახორციელოს. მოკლედ, იმ ელიტაზე ვსაუბრობ, რომელიც ფულს შოულობდა. ფულის შოვნა კი, სპეცსამსახურებთან კონტაქტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.

– მუხროვანის ამბოხის დროს მოკლულ გია კრიალაშვილს იარაღით ვაჭრობასთან რა კავშირი ჰქონდა?

– გია უკრაინაში სამხედრო ატაშე იყო. სამხედრო ატაშე ის პიროვნებაა, რომელიც ორი ქვეყნის სამხედრო სტრუქტურებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომ, კრიალაშვილს იარაღით ვაჭრობაზე აბსოლუტური ინფორმაცია ჰქონდა და განაცხადა კიდეც, ბულგარეთიდან შემოტანილი ტყვია-წამალი უხარისხოაო.

– გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილს გია კრიალაშვილის ეშინოდა?

– დიახ. საერთოდ, მერაბიშვილმა ყველა, ვინც ინფორმირებული იყო, მოიცილა…

– ყველაფერ ამაში გივი თარგამაძის როლი რა იყო და, საერთოდ, რუსული მხარე მასზეც თემურ ალასანიას საშუალებითგავიდა?

– რა თქმა უნდა. ყველას, ვინც მიშასთან იყო დაკავშირებული, კავშირი თემურ ალასანიასთანაც ჰქონდა! სხვათა შორის, სოდ-ი, პრაქტიკულად, გივის დანაყოფი იყო… არის ნიუანსები, რომლებსაც მხოლოდ შს მინისტრს ან მის მოადგილეს ვეტყვი. ახლა მხოლოდ იმას ვამბობ, რისი საჯაროდ თქმის უფლებაც მაქვს… გივი თარგამაძის მიერ წამოწყებული საქმე ყოველთვის და ყველგან რუსეთის გამარჯვებით მთავრდებოდა. მაგალითად, უდალცევის თემაში სწორედ თარგამაძე ფიგურირებს და რუსული ოპოზიცია, პრაქტიკულად, მოასპობინა. გივი ხშირად მინსკსაც სტუმრობდა და შეიმანთან კავშირიც ჰქონდა…

– სხვათა შორის, მოსმენილი გვაქვს გივი თარგამაძისა და ე.წ. კანონიერი ქურდის ალექსანდრე შუშანაშვილისსატელეფონო საუბრის ჩანაწერი…

– შუშანაშვილისა და პუტინის ოჯახის ურთიერთობაზე არაფერი გსმენიათ?

– არა…

– შუშანაშვილი პირდაპირ რუსულ სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული… თუ «ქურდულ სამყაროს» ებრძვი, მაშინ ქურდებთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. «ნაცმოძრაობის» მაღალჩინოსნებს შუშანაშვილთან, ვატო ყიფიანსა და სხვებთან ურთიერთობა რისთვის სჭირდებოდათ?

– ამბობენ, რომ «ვარდების რევოლუციას» ზურგს თითქოს ტარიელ ონიანიც უმაგრებდა…

– დიახ… «ვარდების რევოლუციაში» იგორ გიორგაძეც იყო ჩარეული და მიხეილ სააკაშვილი გიორგაძის გამოგზავნილი ჯიპით დასრიალებდა. ისიც გაიხსენეთ, სააკაშვილს დაცვაში ვინ ჰყავდა.

– ვინ?

– გოგი თავთუხაშვილი… ყველანი რუსი ოფიცრები არიან, რომელთაც რუსეთის სპეცსამსახურებთან პირადი კონტაქტი აქვთ! სხვათა შორის, საბჭოთა დროს «დავერბოვკებული» ხალხის გამოვლენა დღეს ძალიან ძნელია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ თავის დროზე საქართველოდან არქივები გაიტანეს. სხვათა შორის, გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ არქივები ორმა ქართველმა გაიტანა, ერთი გარდაიცვალა, ერთი კი, ცოცხალია და ბოლო დროს შსს-ში მუშაობდა… საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ასე იყო აწყობილი: სამხედრო დაზვერვის, ანუ «გე-რე-უ»-სა და სამხედრო კონტრდაზვერვის, ანუ «ასობი ადელის» მიერ გადმობირებული აგენტურის ინფორმაციები არ ილექებოდა – ამ აგენტურის პირადი საქმეები მხოლოდ მოსკოვში ინახებოდა. ეს ადამიანები დღესაც თანამდებობებზეა!

– ისე, «გე-რე-უ» უფრო ძლიერია თუ «ფე-ეს-ბე»?

– საბჭოთა პერიოდში «ფე-ეს-ბე» «გე-რე-უ»-ს ემსახურებოდა…

იარაღით ვაჭრობაზე საზიზღრობა არ არსებობს. სადაც იარაღით ვაჭრობაა, იქ ნარკობიზნესიცაა, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია… სხვათა შორის, ახლახანს, სომხეთში, ერთი ტონა «ჰეროინი» დააკავეს, ავტომანქანას ქართველი, ვინმე მარტიაშვილი მართავდა. ნუთუ, ჩვენი სპეცსამსახურებიდან არავის გაუჩნდა სურვილი, რომ სომხეთის შესაბამის სამსახურებს დაკავშირებოდა და გაეგო, რა მოხდა? ამ «ჰეროინმა» საქართველოს ტერიტორია გაიარა? ისიც უნდა გაირკვეს, რომელ გადამზიდავ კომპანიას ეკუთვნის ეს მანქანა, ვინაა ამ გადამზიდავი კომპანიის მფლობელი, ხომ არ მიდის ამ გადამზიდავი კომპანიის კვალი იარაღის ბიზნესთან?

– ერთი სიტყვით, ბატონო კოტე, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მოსიარულე ბომბი ხართ!

– მოსიარულე ბომბი, პირველ რიგში, რუსებისთვის ვარ! სხვათა შორის, ორჯერ იყო მცდელობა, რომ რამენაირად მოვეცილებინე, ანუ ის გაეკეთებინათ, რაც ჩემ მეგობარ ზურაბ ირემაძეს გაუკეთეს. მოვა დრო და დამტკიცდება, რომ ადმირალი ირემაძე მოკლეს. სწორედ ზურა იყო ის პიროვნება, რომელიც ფოთში გემების შემოსვლას ხელს უშლიდა. ზურა, როგორც სამხედრო, თუ იქ იქნებოდა, იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემა არ განხორციელდებოდა… ზურა უმართავი იყო და, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შეეძლო, შეიარაღებული ძალებით მიხეილ სააკაშვილსაც დაპირისპირებოდა…

– უცნაურია, «ნაციონალებმა» რატომ არ დაგიჭირეს?

– (იღიმება) ჩემი სიძე, ირაკლი ბათიაშვილი დაიჭირეს…

მართალია, კონსტანტინე ფორჩხიძე არც ადასტურებს და არც უარყოფს, მაგრამ «ქართული სიტყვის» ინფორმაციით,თავის დროზე ადმირალმა ზურაბ ირემაძემ «გე-რე-უ»-ს სამოქმედო გეგმა მოიპარა და, პოლკოვნიკ ფორჩხიძესთანერთად, ვანო მერაბიშვილის გარემოცვას გადასცა, თუმცა «ნაციონალებმა» «გე-რე-უ»-ს სამოქმედო გეგმას, რომელშიც,თურმე, საქართველოს ოკუპაციაზეც იყო საუბარი, ყურადღება რატომღაც არ მიაქციეს(?!)

ვანო პავლიაშვილი

QARTULISITYVA.GE

Comments
Loading...