როგორ დავიცვათ თავი ტელეფონზე მოსული სარეკლამო შეტყობინებებისგან


ვინც მობილური ტელეფონით სარგებლობს, სარეკლამო SMS-ები უცხო არავისთვისაა. – „MagtiCom თქვენი 18 წლის იუბილე უკვე ისე მიშლის ნერვებს, სხვა ქსელზე დაპორტირებაზე ვფიქრობ. რას წაიღეთ ტვინი?!“ -„ჩემო საყვარელო და ნერვების მომშლელო, მაგთი. მესმის, რომ დაბადების დღე გაქვთ და შეგისრულდათ 18 წელი. უკვე თინეიჯერის ასაკიდან გამოხვედით და ნუ შეგვაწუხებთ ეს 18 დღე თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. დღეში რამდენჯერ უნდა გავიგო, რომ 18 დღე თქვენგან სიუპრიზი მელოდება… გავიგეეეე და მორჩა… თუ ვერ გავიგე, ისიც ვიცი, რომ თქვენს ვებ-გვერდს ვეწვიო. პატივისცემით, თქვენი ერთგული მომხარებელი. გილოცავთ! ასე ჩემი სრულწლოვანება არ დამიყვედრებია მშობლებისთვის, „მაგთი” რომ გვაყვედრის“, – წერდნენ სოციალურ ქსელში „მაგთის“ ის აბონენტები, რომლებიც კომპანიის მიერ გაგზავნილმა შეტყობინებებმა 18 წლის იუბილეზე ძალიან შეაწუხა.

შემაწუხებელ სმს-ებს სხვა ქსელის აბონენტებიც იღებენ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, ყველა სახის სარეკლამო შეტყობინებას აუცილებლად უნდა ახლდეს თან მასზე უარის თქმის მექანიზმი ე. წ. SMS OFF. მომხმარებლებისთვის სარეკლამო მესიჯების გაგზავნის უფლება კომპანიებს აქვთ, თუმცა აუცილებელია ისინი იცავდნენ პირდაპირი მარკეტინგის რეგულაციას.

„აიპრესის“ კითხვაზე თუ რატომ უგზავნიან აბონენტებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს კომპანია „მაგთი“-ში პასუხობენ:

„თუ მომხმარებელი წუხდება მიღებული შეთავაზებებით, ჩვენს მიერ გაგზავნილ სმს-ებს მოყვება გათიშვის კოდი, რომლითაც შეუძლიათ გათიშონ სარეკლამო სმს-ების მიღება“.

კომპანია „ბილაინში“ ოფისში, დაპირების მიუხედავად, ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს; „ჯეოსელში“ კი აცხადებენ, რომ კომპანიის აბონენტთა სატელეფონო ბაზას არავის აწვდიან.

“გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია დაცულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სხვადასხვა კომერციული სარეკლამო SMS-ის გაგზავნა ხორციელდება სარეკლამო SMS-ების გაგზავნით დაკავებული ბიზნეს ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა კერძო სუბიექტების მოთხოვნის შესაბამისად მათ მიერვე მითითებულ აბონენტებთან”, – განმარტეს „აიპრესს“ კომპანია „ჯეოსელში“.

მობილურ ტელეფონებზე გამოგზავნილ სარეკლამო მესიჯებს მართლაც აქვს sms off, რომლითაც აბონენტს შეუძლია უარი თქვან და სამომავლოდ მსგავსი შინაარსის შეტყობინების მიღებაზე, თუმცა როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, რომ მოქალაქეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე თქვას უარი სარეკლამო შეტყობინებებზე, იმ შემთხვევაშიც კი თავის დროზე თავად ჰქონდა ამაზე თანხმობა გამოხატული და საკონტაქტო ინფორმაციაც თვითონ მიაწოდა კომპანიას.

„მოქალაქის მხრიდან უარის გამოხატვიდან 10 დღის ვადაში კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს მისთვის შეტყობინებების გაგზავნა და ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მომხმარებლებმა შეძლონ სარეკლამო შეტყობინებაზე უარი თქვან იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი, ან/და შექმნას სხვა ხელმისაწვდომი საშუალება. მაგალითად, დღეს პრაქტიკაში ასეთ საშუალებას წარმოადგენს ე.წ. sms off. /. თუ მოქალაქის მოთხოვნა არ შესრულდა ან ის ვერ ახერხებს უარის თქმას შესაბამისი ხელმისაწვდომი საშუალების არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო, მას შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს“, – განგვიცხადეს აპარატში.

საიუბილეო მესიჯებთან ერთად, მობილურით მოსარგებლეებს არაერთი სარეკლამო მესიჯი მიუღიათ არამარტო მობილური კავშირგაბმულობის, არამედ სხვა კომპანიებისგან .
„ტექნო ბუმი“ კარგი შეყვარებულივით ყოველდღე მწერს მესიჯებს“, „ტელეფონზე სმს როცა მომდის, აღარც ვხსნი, რადგან უკვე ვიცი, რომ სარეკლამოა“, – მსგავსი შინაარსის ფრაზებს ხშირად მოისმენთ მობილურით მოსარგებლე ადამიანებისგან.

საიდან იღებენ მომხმარებლის ნომრებს, რა ურთიერთობა ყალიბდება ამ დროს მობილურ კომპანიებსა და პროდუქციის გამსაღებელ კომპანიას შორის, „ტექნო ბუმის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მაია მამულაშვილი გვპასუხობს, რომ მათ აქვთ საკუთარი მომხმარებლების ბაზა და სარეკლამო შეტყობინებებს უგზავნის მხოლოდ მათ. თუ რომელიმე მომხმარებელს არ აქვს სურვილი, რომ მიიღოს შეტყობინება, შეუძლია, ავტომატურ რეჟიმში თქვას უარის ან დარეკოს ცხელ ხაზზე 2 43 01 01.

„კომპანია „ტექნო ბუმი“ იყო ბაზარზე ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ჰკითხა, სურდათ თუ არა მათ სარეკლამო sms-ების მიღება. იქვე მითითებული იყო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი და თუ არ სურდათ მიღება, შესაძლებლობა ჰქონდათ, ცხელ ხაზზე დაეფიქსირებინათ მათი სურვილი. მოგვიანებით კი, როდესაც კანონში ცვლილებები შევიდა, sms-ებს დაემატა reply-ს ფუნქციაც“, – გვითხრა „ტექნო ბუმის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.

აქვთ თუ არა სხვადასხვა კომპანიებისთვის მომხმარებლების მობილურის ნომრების გადაცემის უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, რომ კომუნიკაციების განმახორციელებელ კომპანიებს ზოგადად მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცის გადაცემა შეუძლიათ მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით ან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სხვა შემთხვევაში მონაცემთა გადაცემას კანონიერი საფუძველი არ იქნება, რაც თავის მხრივ დარღვევაა.

ჩივიან თუ არა მომხმარებლები ოფიციალურად და რამდენად ხშირად მოითხოვენ რეაგირებას პერსონალური დაცვის ინსპექტორისგან, აპარატში გვპასუხობენ, რომ განცხადებები ძირითადად ეხებოდა sms off-ის ფუნქციონირების საკითხს.

„ჩვენ მიერ აქამდე განხილულ შემთხვევებში ძირითადად მარკეტინგის განმახორციელებელი კომპანიები იყენებდნენ სხვადასხვა დროს საჯარო წყაროებიდან ხელმისაწვდომ ინფორმაციას ან უშუალოდ მომხმარებლებისაგან მიღებულ საკონტაქტო ინფორმაციას. 2015 წელს განხილული იქნა 16 მოქალაქის განცხადება, ასევე ჩატარდა 10 ინსპექტირება პირდაპირი მარკეტინგის საკითხებზე.

განცხადებები ძირითადად ეხებოდა ე.წ. გაუქმების მექანიზმის sms off-ის ფუნქციონირების საკითხს ან დამმუშავებლის მხრიდან 10 სამუშაო დღის ვადაში პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტის საკითხს. დასახელებულ შემთხვევებში მოქალაქეებს უშუალოდ კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიების მხრიდან მათი სატელეფონო ნომრების გაცემის საკითხი სადაოდ არ გაუხდიათ“, – აღნიშნეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

კომპანია „ტექნობუმშიც“ ამბობენ, რომ მათთვის არავის უჩივლია:

„ტექნო ბუმი“ მომხმარებლებს სარეკლამო შეტყობინებებს უგზავნის მათი სურვილის შესაბამისად. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი ბაზაში დამატებას ითხოვს, რადგან sms მათთვის არის ინფორმაციის წყარო იმ სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ, რასაც „ტექნო ბუმი“ სთავაზობს მომხმარებელს. შესაბამისად, ასეთი ტიპის სანქციები კომპანიას არასდროს მიუღია. „ტექნო ბუმის“ წინააღმდეგ არასდროს ყოფილა სარჩელი შეტანილი. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ასევე შეგიძლიათ შესაბამის უწყებებთანაც გადაამოწმოთ“, – აღნიშნავენ ტექნიკის კომპანიაში.

მარკეტინგის სპეციალისტი თორნიკე გურული ამბობს რომ მომხმარებელთა გაღიზიანებას სხვადასხვა ტიპის დარღვევებიც იწვევს, სარეკლამო მესიჯების მისვლის დროს.
„გააჩნია დოზას, თუ რამდენი სმს მიდის ამა თუ იმ მოქალაქეს, ასევე რა შინაარsს ატარებს ხოლმე ესა თუ ის სმს-ები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ქალებს მისდით ასეთი ტიპის შეტყობინება: ბატონო ქეთევან, ან პირიქით, ქალბატონო გურამ. ეს უფრო იწვევს მომხმარებელში აგრესიას. ახლა რა დოზითაც მიდის მომხარებელს სმს-ები ეს არის შემაშფოთებელი, ეს უფრო იწვევს მათ გაღიზიანებას ვიდრე პატივისცემას. ესემესებს მოყვება ინსტრუქცია, თუ არ გინდა მათი მიღება, როგორ გათიშო. თუმცა ხშირად ასეც არ ითიშება. აბონენტთან ავტომატურად მიდის, რაც მათი უფლებების დარღვევაა, რადგან იღებს ისეთ ინფორმაციას, რომლის მიღებაზეც უარი თქვა“, – ამბობს თორნიკე გურული.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, როცა მოქალაქეებს პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით ინსპექტორს განცხადებით მიმართავენ, ინსპექტორი სწავლობს განმცხადებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხს და ადგენს სამართალდარღვევის არსებობას. კომპანიას ფინანსურ სანქციასთან ერთად ევალება, შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება კონკრეტული განცმხადებლის მიმართ. პირდაპირი მარკეტენგის წესის დარღვევისთვის კანონით განსაზღვრული ჯარიმა 3000 ლარია.

მარკეტინგის სპეციალისტი თორნიკე გურული მობილური ტელეფონის მფლობელებს აფრთხილებს, რომ ყურადღებით იყვნენ იმ კომპანიებთან, ვისაც საკუთარი ტელეფონის ნომრებს უტოვებენ.

„საყოველთაოდ ცნობილი ბაზები იყიდება და მოპოვებული აქვთ კომპანიებს. თუ თქვენ ოდესმე შეიტანეთ თქვენი მონაცემი რომელიმე ორგანიზაციისთვის მობილურთა რიცხვში, ასეთ შემთხვევაში ისინი ასხვისებენ ამ მონაცემებს. ამიტომ მოსახლეობა უნდა გავაფრთხილოთ, ნებისმიერ ორგანიზაციას არ მისცეს თავისი მობილური, რომ დაზღვეული იყოს ასეთი შემთხვევებისგან“, – აღნიშნა თორნიკე გურულმა.

Comments
Loading...