როგორ გახდა დეპუტატობის კანდიდატი ISIS-ის მებრძოლი

“ჯიჰადი ბრძოლაა ურწმუნოთა წინააღმდეგ. მე შაჰიდობა მინდა, სამოთხის ნახვა. ყველაფერი შესრულდება, რაც ყურანშია ნაწინასწარმეტყველები, ცოტაღა დაგვრჩა გამარჯვებამდე!” _ ეს სიტყვები 27 წლის თამაზ ჭაღალიძეს ეკუთვნის, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში დაიბადა და გაიზარდა.

მისი სახელი, გასულ წელს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჭაღალიძემ ქვეყანა დატოვა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლის სახელით სოციალურ ქსელებში მუქარის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები გაავრცელა.

“ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში _ ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით, ყველა “კაგებეშნიკი,” ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით… გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ, გაჩენას ინანებთ, თქვე ვირთხებო! საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალაჰს, ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ!” _ ეს თამაზის, იგივე აჰმედ ჭაღალიძის ერთ-ერთი პოსტია.

ბოლო რამდენიმე თვეა, ჭაღალიძე სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობს და როგორც გავარკვიეთ, არც მის ოჯახს ეხმიანება.

თამაზის ძმის, ხვიჩა ჭაღალიძის თქმით, ბოლოს მას აგვისტოში ესაუბრა: _ “ოდნოკლასნიკებით” ვკონტაქტობდით. ბოლოს აგვისტოში ვესაუბრე, მაგრამ შემდეგ ჩემი პროფილი გატეხეს და ამის შემდეგ აღარ დავკავშირებივარ, _ გვითხრა ხვიჩამ.

მისივე თქმით, თამაზი მასთან მხოლ­ოდ პირად ურთიერთობაზე საუბრობდა: _ ოჯახის წევრების ამბავი აინტერესებდა. სხვა თემაზე არ გვისაუბრია, რადგან მე არ მაინტერესებს და არ ვერევი მასეთ ამბებში.


ხვიჩასთვის უცნობია, რამ აიძულა თამაზი “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში წასულიყო.

_ ჰკითხეთ მას, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი?

_ კი, ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ არ მიპასუხა. არ ვიცი, რა გახდა ამის მიზეზი.

_ ხომ არ შემოუთავაზებია შენთვის მასთან წასვლა?

_ არა. მაგას ვერავინ ვერ მეტყვის. ეს ჩემი ასარჩევია. ამ თემაზეც არ მინდა საუბარი, არ მინდა ამ ამბავში ჩარევა, _ ამბობს ხვიჩა და განმარტავს, რომ თამაზს, საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები არც დედისთვის უთქვამს.

_ ხვიჩა, ISIS-ის მებრძოლები სერიოზულ პროპაგანდას ეწევიან, რომ ახალგაზრდები გადაიბირონ. შენ ზოტში ცხოვრობ, სოფელში, რომელიც მუსულმანებით არის დასახლებული. როგორ გგონია, არსებობს იმის საშიშროება, რომ ზოტიდან ახალგაზრდების სირიაში წასვლა მოხდეს?

_ არ ვიცი. მე თვითონ მეშინია მასეთი ადამიანების და რა გითხრათ?! ვერავის ვენდობი ჩემი თავის გარდა.

_ ამბობენ, სირიაში ფულის გულისთვის მიდიან. თამაზი თუ ეხმარება ოჯახს?

_ არა და არც მივიღებ, რომც დააპიროს. არ მჭირდება იქიდან გამოგზავნილი ფული.

_ თამაზი ამბობს, რომ შაჰიდობა და სამოთხის ნახვა უნდა. როგორ ფიქრობ, ამის გამკეთებელი არის?

_ არ ვიცი. არც ის ვიცი, რას ნიშნავს შაჰიდობა.

_ შეძლებს ტერორისტული აქტების გახორციელებას, ადამიანების მოკვლას და ამას საკუთარ სიცოცხლეს შესწირავს?

_ არ მგონია. ქათამიც არ დაუკლავს აქ. სისხლის გამოდენის ეშინოდა.


ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ თამაზს ოჯახის სხვა წევრებთანაც არ აქვს ურთიერთობა. ასევე არ ადასტურებს ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თამაზ ჭაღალიძე ორი თვის წინ ზოტში იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და სოფელ ზოტშიც.

სოფელ ზოტის მაჟორიტარი დეპუტატის უშანგ ართმელაძის თქმით, თამაზი ზოტში ცხოვრების პერიოდში ძალიან კარგი და გაწონასწორებული ახალგაზრდა იყო: “არ ვიცი, რა მოუვიდა. როცა აქ ცხოვრობდა, ძალიან გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული ახალგაზრდა იყო. მას შემდეგ, რაც ბათუმში გადავიდა, არ ვიცი, რა მოხდა”.

აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭაღალიძე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში _ 2010 წელს ზოტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო “გაერთიანებული ოპოზიციიდან” და აპრილის აქციების დროს, რუსთაველზე კარავიც ჰქონდა გაშლილი წარწერით _ “ზოტი თქვენთანაა!”

მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან დამარცხდა, ბრძოლა არ შეუწყვეტია. 2012 წელს “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად იბრძოდა და საარჩევნო შტაბის წევრიც იყო: _ ჩვენთან ერთად იყო შტაბში. ლაფანყურის სპეცოპერაცია რომ ჩატარდა, მეორე დღეს მოვიდა და გვითხრა, რომ მიდიოდა. ჩემი ძმები დახოცეს და უნდა წავიდეო. მას შემდეგ არ გვინახავს, _ იხსენებს “გურია ნიუსთან” საუბრისას უშანგ ართმელაძე.

ზოტის მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მუსულმან ახალგაზრდებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა აჭარაში ხდება: _ იმის გამო, რომ თამაზმა ეს გადაწყვეტილება აჭარაში წასვლის შემდეგ მიიღო, ვფიქრობ, რომ იქ მოამზადეს. მორწმუნე ბიჭი იყო და, ალბათ, უფრო მეტად შეიყვანეს რწმენაში, ფსიქოლოგიურად დაამუშავეს და ისე გაუშვეს. ასე ხდება საერთოდ. მებრძოლებად, საერთოდ, ჭკუასუსტებს არჩევენ, რადგან მათი დამუშავება ადვილია, თუმცა, თამაზი არ იყო ჭკუასუსტი. არ დაიჯეროთ, რომ იქ რომელიმე ფულისთვის მიდის. ასწავლიან, აგონებენ, რომ ღმერთის სახელით, საიქიოსთვის მიდის, _ აღნიშნავს ართმელაძე, რომელსაც თანასოფლელებიც ეთანხმებიან.

ზოტელები ამბობენ, რომ ჭეშმარიტი მუსულმანები არიან და მათ სარწმუნოებას ტერორიზმთან, მკვლელობასთან და უსამართლობასთან კავშირი არ აქვს.

სოფელში აღნიშნავენ, რომ იქ მცხოვრებ ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენა ადვილი არ არის, თუმცა, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ პროპაგანდისგან ყველა უნდა დაიცვას. ამბობენ იმასაც, რომ მიუღებელია სოციალურ ქსელში თამამად ვრცელდებოდეს “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლების მოწოდებები და ISIS-ის მებრძოლების ქართულენოვანი საიტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

აღსანიშნავია, რომ “ხალიფატი _ ისლამური სახელმწიფო” _ ამ სახელწოდების ქართული ვებგვერდი, სოციალურ ქსელში, “გურია ნიუსმა” აღმოაჩინა.

გვერდი 2015 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს და მასზე ფოტო, ვიდეო, ინტერვიუ და რაც ყველაზე მნიშნელოვანია _ მიმართვებია გავრცელებული, რომლებიც ახალგაზრდა მუსლიმებისთვისაა განკუთვნილი.

საიტი ყველასთვის ხელმისაწვდომია და რაც ყველაზე საგანგაშოა, ინტენსიურად განახლებადი.

გარდა საიტისა, telegram.org-ზე, ისლამურ სახელმწიფოს ქართულენოვანი არხიც აქვს, სადაც საკმაოდ სერიოზული და საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება.

მას შემდეგ რაც “გურია ნიუსმა” ეს თემა გააჟღერა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, ყველა მსგავსი საიტი დაიბლოკება.

იზორია განმარტავს, რომ ამისთვის გარკვეული პროცედურები და შესაბამისად დროა საჭირო, თუმცა, ამ დროში საიტზე ახალი მიმართვები ქვეყნდება და მნახველების რაოდენობაც იზრდება.

პ.ს. მას შედმეგ რაც „გურია ნიუსმა“ თამაზ ჭაღალიძის ძმასთან ინტერვიუ ჩაწერა, ჭაღალიძე გამოგვეხმაურა.

კითხვაზე რატომ გადაიფიქრა პოლიტიკოსობა და რატომ წავიდა სირიაში ასე უპასუხა:

“ეგ იყო ჩემი, იმ დროისათვის შარიათის უცოდინარობის ბრალი. დიდება ალლაჰს, რომ ტაღუთის ეშმაკის კანონების ქვეშ არ ვიმუშავე და მანდედან წამოვედი. როცა მუსლიმს უნდა რაიმე უკეთესობისაკენ შეცვალოს, მან მაშინ ჯიჰადი უნდა გააკეთოს და შარიათის დამყარებისათვის იბრძოლოს,“ _ გვითხრა ჭაღალიძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.