როგორ გამოიყურება უნივერსიტეტების ბიუჯეტები?

ახალი წლის დაწყებასთან ერთად უნივერსიტეტები ახალ ბიუჯეტებს ამტკიცებენ, რომლებიც, სახელმწიფო უნივერსიტეტების შემთხვევაში, უმეტესწილად, საჯაროა.

ბიუჯეტის სიდიდით პირველ ადგილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიევრსიტეტია. 2015 წლის 30 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოზე 2016 წლის უნივერსიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა. დამტკიცებამდე ბიუჯეტის პროექტი ადმინისტრაციამ განსახილველად წარუდგინა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს, რის შემდეგაც, ფინანსური დოკუმენტი გარკვეული ცვლილებებით ჯერ აკადემიურმა საბჭომ, ხოლო შემდეგ სენატმაც დაამტკიცა. 2016 წლის ბიუჯეტი 83 599 954 ლარია.

ბიუჯეტი

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, თანხა ძირითადი ნაწილი – 70%-ზე მეტი – შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება, დანარჩენი კი გადანაწილდება უცხოეოთიდან მოწვეული ლექტორების სალექციო კურსების ანაზღაურებაზე, სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებულ ლიტერატურის თარგმანზე, (რისთვისაც თითოეულ ფაკულტეტზე გამოყოფილია 50 ათასი ლარი.), აგრეთვე, უნივერსიტეტი თითოეული ფაკულტეტიდან 5 წარჩინებულ სტუდენტ-დოქტორანტს მთლიანად დააფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტში განსაზღვრულია 78 750 ლარი.

თანხა აგრეთვე გადანაწილდება კონფერენციების, სესიებისა თუ სხვადასხვა სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე.

მიზნობრივი სამეცნიერო კვლევებისთვის უნივერსიტეტმა 75 000 ლარი გამოყო.

თანხა კიდევ სხვა მრავალ აქტივობისთვისაა გადანაწილებული, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე ოფიციალურადაა განთავსებული.

ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტს ჯერ 2016 წლის ბიუჯეტი არ გამოუქვეყნებია, თუმცა, წინა წლის ბიუჯეტს შეგვიძლია გადავავლოთ თვალი. უნივერსიტეტის მთლიანი შემოსავალი 2015 წელს 45 719 755 ლარი იყო. აქედან თანხის უმეტესი ნაწილი გადანაწილდა შრომით ანაზღაურებაზე ( 11 130 704 ლარი), საქონელსა და მომსახურებაზე ( 23 852 081 ლარი). ასევე, სხვადასხვა გათვალისწინებულ თუ გაუთვალისწინებელ ხარჯზე 3 მილიონზე მეტი გამოიყო. თანხის ნაწილი სოციალურ უზრუნელყოფასა და გრანტებზეც გადანაწილდა.

2016 წლის ბიუჯეტი არც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოუქვეყნებია, ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ფაკულტეტის ბიუჯეტი გამოქვეყნდა. რაც შეეხება წინა წელს, 2015 წელს უნივერსიტეტის სრულმა შემოსულობებმა 67 637 648 ლარი შეადგინა. აქედან შრომის ანაზღაურებას 33 015 676 ლარი მოხმარდა, პრემიების სახით კი 2 018 023 ლარი გამოიყო. ბიუჯეტში ასევე შედის სხვადასხვა ხარჯი სოციალური უზრუნველყოფის, მანქანა-ინვენტარების შეძენის, გრანტების, რეკლამის, სამედიცინო თუ სხვა სახით.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი ასე გამოიყურება: სულ შემოსავალმა 5 810 000 ლარი შეადგინა. შრომის ანაზღაურებისთვის 3 600 000 ლარი გამოიყო, საქონელსა და მომსახურებაზე კი – 1 527 000, მივლინებების თანხამ 50 000 ლარი შეადგინა. სხვადასხვა ხარჯის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნოთ.

საინტერესოა, რომ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის გრაფა – ,,ბიუჯეტი“, რომელშიც არანაირი ინფორმაცია არ არის შეტანილი, ხოლო სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეს გრაფაც არ აქვს.

ნატალია ჯალაღონია

Facebook _ის კომენტარები

Comments
Loading...