როგორ იხსენებენ კოლეგები ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორს, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს?
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორი, სოფო ბობოხიძე 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
სოფო ბობოხიძე 27 წლის იყო. “საზოგადოებრივ მაუწყებელში” ოპერატორად 2013 წლიდან მუშაობდა.
“ფეისბუკზე” სოფო ბობოხიძეს კოლეგები და მეგობრები იხსენებენ.
ირაკლი მანაგაძე, ჟურნალისტი
“ოქროს გოგო, რომელმაც სრულიად ქართულ ჟურნალისტიკას გული დაგვწყვიტა….. ძალიან ვწუხვარ”
ვიკა ბუკია, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი
“მე სოფოსთან შეხება არ მქონია. ერთხელ სამტრედიაში ვნახე, გადაღებაზე. მოვუყევი წინა ღამით ქუთაისში შემთხვევით ბორდელში რომ აღმოვჩნდით მე და ალექსანდრე და გასკდა სიცილით. ხომ იცით ჩემი ამბავი? “ქალი ოპერატორი” ძალიან მომწონდა ეს ამბავი, თან 1 არხზე. ჰოდა, არ ვიკვეთებოდით, საერთოდ.
და აი, ახლა, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძე ჩავწერეთ, არასამუშაო დღე იყო, მე შაბათ-კვირაობით ვმუშაობ, ან საღამოს, ყველა ქუთაისში იყო და ძლივს გამოჭერილი ხუნდაძე წაიშალა. ჰოდა, მაშინ ირმას დავატყდი თავზე. ქუთაისში ჩამიწერე ხუნდაძე-მეთქი, უკვე იქ იყო. და სოფოს პირველად ველაპარაკე ტელეფონზე. ყველაფერი ჩამომირაკრაკა: ზაზა სოფრომაძეც ჩაგიწერეთ და დიმიტრი ხუნდაძეცო.თითქოს:ქალო, ნუ შეგვჭამეს სტილში. ჰოდა, აი, ასე იყო…”
ლაშა მესხი, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი
“გაუგონარი და საზარელი ამბავია. გუშინს აქეთ მინდა უამრავი რამის დაწერა, თქმა, ყვირილი… არ გამოდის… მიჭირს და ყოველთვის გამიჭირდება შენზე წარსულში საუბარი. დიდი დანაკარგია, ქუთაისისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ახლობლებისთვის და პირველ რიგში მეგობრებისთვის. ყველასთვის ვისაც თავი შეაყვარე და შენს გულში იტევდი…”
ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტარი
“ჟურნალისტებს გისამძიმრებთ უპირველესად. მის ოჯახს ვუსამძიმრებ გულით… ძალიან საყვარელი, ძალიან კარგი გოგო დააკლდა ყველას, ვინც მას იცნობდა. კეთილი, წესიერი, ფუშფუშა, ოდნავ სევდიანი… ყურადღებიანი, კარგი პროფესიონალი. ქუთაისში აშკარად ვიგრძნობთ ამას. რა საცოდაობაა ასეთ ასაკში წასვლა…. გაანათლოს უფალმა და სასუფეველი დაუმკვიდროს…. ძალიან, ძალიან მეწყინა…”