როგორ მივხვდეთ,რომ გვატყუებენ

ეს კითხვა ძალიან ხშირად ებადება ხალხს, მაგრამ პასუხის გასაცემად არაეფექტურ ხერხებს მივმართავთ ხოლმე.

მაგ, მივდივართ მოსაუბრესთან და მოვითხოვთ მისგან სრულ სიმართლეს ,,მიყურე თვალებში და ისე მითხარი, როგორ იყო ყველაფერი სინამდვილეში”. ისიც უყურებს თვალებში და უყვება ზღაპრებს. ამ დროს მოტყუებული მშვიდდება, რადგან თვალებით კონტაქტი შედგა და ე.ი. გულწრფელობაც მიიღო. მაგრამ, როგორც ერთი ცნობილი პერსონა იტყვოდა, ნურას უკაცრავად. საქმე იმაშია, რომ ტყუილის თქმისას მატყუარა პირდაპირ უყურებს თვალებში, ისე, რომ არც კი ახამხამებს მათ. სიმართლის თქმისას კი – ანუ როდესაც ადამიანმა უნდა გაიხსენოს მომხდარი ფაქტები, თვალი აუცილებლად გაიქცევა სივრცეში, რათა ჩართოს მეხსიერება და წამოსახვა. ეს მას კონცენტრირებისთვის სჭირდება და გრძელდება 1-2 წამის მანძილზე.

ამიტომ ტყუილის პირველი ნიშანია თვალის უწყვეტი კონტაქტი.

ახლა ყურადღება გადავიტანოთ სახის სხვა ნაწილზე – პირზე, რომელიც მთავარი ,,კრიმინალია” ტყუილის თქმისას. პატარა ბავშვი როცა იტყუება, ის პირზე ხელს იფარებს ხოლმე. მისი ყოვლის მცოდნე მშობლები კი ეუბნებიან: ,,აა, პირზე ხელი აიფარე? ე.ი. იტყუები”. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა ეს ბავშვი ცოტა წამოიზრდება და მოზარდი გახდება, მიხვდება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, თორემ ნამეტანი თავის ჩაშვება გამოსდის ხოლმე და (ცნობიერად ან გაუცნობიერებლად) მუშაობას იწყებს იმაზე, რომ პირზე ხელი აღარ აიფაროს ასე უხეშად. გარკვეულ წინსვლას აღწევს ხოლმე და ამ ჟესტს ხვეწავს – ახლა როცა ის მოიტყუება, ხელი კი მიაქვს მაინც პირთან, მაგრამ ტუჩის მოსაწმენდად, ან ნიკაპის გადასამოწმებლად, ადგილზეა თუ არა, ანდა სახის რომელიმე ნაწილს იქავებს (იხ. მამაკაცის ფოტო). ზრდასრულობისას კიდევ უფრო ჭკვიანდება და ცხვირს იქავებს.

გაინტერესებთ, როგორ ხდება ეს? პირზე ხელის აფარების მოთხოვნილება ისევ რჩება, პირმა წარმთქვა ტყუილი და ხელით უნდა დაფაროს, მაგრამ სანამ ამას იზავს, ტვინი ეუბნება: ,,მოიცადე, ესე ხომ ყველაფერი გაირკვევა!” და გზაში ხელის ტრაექტორიას ცვლის, უცვლის დანიშნულებასაც. აბა ცხვირის ან საფეთქლის ქავილი უმნიშვნელო საქმეა?

მაშ ასე, მეორე ნიშანია ხელის მიტანა ცხვირთან, ან სახის რომელიმე ნაწილთან ქავილის საბაბით, ან პირთან – დახველების საბაბით. რაც შეეხება სახის სხვა ნაწილეზბე (თვალზე, ყურზე და ასევე კისერზე) შეხებას, ეს უფრო იმის მანიშნებელია, რომ მას თქვენი არ სჯერა.

საყელოს გაწევა, თითქოს ჰაერის უკმარისობის გამო, ასევე ტყუილზე მიანიშნებს.

კიდევ ერთი დეტექტორია – ხელის გულები. გახსნილ და გულახდილ ადამიანს ხელის გულები უჩანს. ყოველშემთხვევაში, ის მოსაუბრისთვის თვალსაჩინოა. თუკი ცდილობს, დამალოს (ჯიბეში იდებს ხელებს, ზურგს უკან გადააჯვარედინებს და სხვ.), მაშინ ღირს დაეჭვება მის ნათქვამში.

რაც ყველაზე მთავარია, ცალ-ცალკე ეს ჟესტები ან მიმიკები არაა საკმარისი იმის დასადგენად, რომ გვატყუებენ. საჭიროა მათი კომბინაცია. თუმცა რამოდენიმე მიკრო ან მაკრო მოძრაობის ცოდნის საფუძველზე იმის მტკიცება, რომ სხეულის მოძრაობის ენას ვფლობთ ისევე არასწორია, როგორც უცხო ენის ცოდნაზე თავის გამოდება რამდენიმე წინადადების საფუძველზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.