რომან გოცირიძე არ აზუსტებს, ბოკერიას გუნდში იქნება თუ სააკაშვილთან დარჩება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე არ აზუსტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფლანგზე რჩება თუ გიგა ბოკერიას გუნდში იქნება.

როგორც მან „აიპრესის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

„აიპრესი“: გავეცანით თქვენს პოსტს სოციალურ ქსელში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

რომან გოცირიძე: არ ვაკეთებ მაგაზე განცხადებას.

„აიპრესი“: დაგვიზუსტეთ, რომელ ფლანგზე იქნებით?

რომან გოცირიძე: არ ვაზუსტებ. ყველაფერი მოკლედ წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომან გოცირიძემ Facebook-ში დაწერა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი დაფუძნების იდეის გაჩენის პირველივე დღიდან მონაწილეობდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გამიკეთებია არცერთი განცხადება მანამ, სანამ არსებობდა ერთიანობის შენარჩუნების რაიმე შანსი. დღეს ეს შანსი ნულის ტოლია.

ნაციონალური მოძრაობის შექმნაში ვმონაწილეობდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი დაფუძნების იდეის გაჩენის პირველივე დღიდან.

ნაციონალურ მოძრაობაში არ დავბრუნებულვარ იმისათვის, რომ სადმე წავიდე!

ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ ყველა ფორმით: პარლამენტში, ქუჩაში, მედიაში, საარჩევნო ყუთებთან, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს აღმშენებლობის გზას და გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიყვანა.

”აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

IPRESS.GE

Comments
Loading...