რომან გოცირიძის განცხადებით, პარტიას ახალი გენერალური მდივნის არჩევა მოუწევს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილების შესაბამისად, პარტიას ახალი გენერალური მდივნის არჩევა მოუწევს.

რომან გოცირიძემ მერაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ვრცელი კომეტარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

„როგორც ჩანს, მან ეს არჩევანი გააკეთა, ჩვენ კი, ახალი გენერალური მდივნის არჩევა მოგვიწევს“, – განაცხადა რომან გორიციძემ.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი აღარ იქნება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე – დატოვებს თუ არა პარტიას მერაბიშვილი, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადებას მერაბიშვილი წერილობით გაავრცელებს.

Comments
Loading...