როცა ბიზნესი ხდება პოლიტიკა, ლოგიკური შედეგი კორუფციაა

ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტს საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დღეს კენჭი უნდა უყაროს.

მანამდე კი ევროპელმა დეპუტატებმა ამ საკითხებზე დებატები გამართეს. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები ასოცირების შეთანხმების განხორიცელების პროცესში. თუმცა აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს გამოხატვის თავისუფლებისა და შერჩევითი სამართლის კუთხით არსებული პრობლემებიც.

“ჩვენს რეზოლუციაში დავაფიქსირეთ კრიტიკა, რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებსა და შერჩევით სამართალს. ხაზი გავუსვით, რომ პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დაბალანსებული და მწიფე პოლიტიკური სისტემისთვის. ასევე ხაზი გავუსვით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტი უნდა იყოს ზედმიწევნით გამოძიებული. ჩემთვის პირადად, მიუღებელია ის, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წევრი ციხეში რჩება”, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა იარომირ სტეტინამ.

პარლამენტარების აზრით, ასევე აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესება და პარტიებს შორის დიალოგის უზრუნველყოფა. ყურადღება გამახვილდა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შემთხვევაში რუსეთისგან მომდინარე გამოწვევებზეც.

“როცა ვსაუბრობთ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში დემოკრატიის შესახებ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყნებში არიან ოლიგარქები, რაც საბჭოთა სისტემის შედეგია. ისინი ქმნიან პოლიტიკურ პარტიებს რომლებიც ამ ქვეყნებს მართავენ. როცა ბიზნესი ხდება პოლიტიკა, ამის ლოგიკური შედეგია კორუფცია. ეს კი არც ისე იშვიათი ფაქტია. საქართველოს შემთხვევაში, ერთ-ერთი ოლიგარქის პოლიტიკური პარტია ხელისუფლების სათავეშია. მთავრობის ყველა მაღალჩინოსანი “ქართუ ბანკიდან” არიან მოსულები, რომელიც ასევე ოლიგარქის საკუთრებაა”, – აღნიშნა ალდეჯგუფის წარმომადგენელმა ხავიერ ნარტიმ.

frontnews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.