რუსეთის ელჩის მკვლელობისას, შემთხვევის ადგილზე მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა
19 დეკემბერს, ანკარაში მდებარე საგამოფენო ცენტრში, სადაც რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდასხმა განხორციელდა, მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში, რუსეთის ელჩზე თურქეთში ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.
თავდასხმა თურქეთის დედაქალაქში, გამოფენაზე მოხდა, რომელიც ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მიმდინარეობდა.
კარლოვის გარდა დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელოვნების ცენტრში 15-20 გასროლის ხმა გაისმა. თავდამსხმელმა ჯერ დარბაზში მყოფ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი, ხოლო შემდეგ ელჩს ესროლა. როგორც ცნობილი ხდება, თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც Reuters-ი თურქულ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი თურქეთის პოლიციის ოფიცერი იყო, თუმცა თავდასხმისას იგი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
წყარო : ipress.ge