რუსეთის საგარეო უწყება ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში სერიოზულ საფრთხეს ხედავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ფედერაცია მსგავს აქტიურობაში, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავს.

„ყურადღებას ვაქცევთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო წვრთნებს, რომელშიც 13 ქვეყნიდან 250-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. წელს ეს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე მესამე მსგავსი სამხედრო წვრთნაა. ადგილი აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებით ინტენსიურ ოპერატიულ მომზადებას ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით.

რუსეთი მსგავს აქტიურობაში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავს. საკუთარ შეშფოთებაზე საქართველოს სხვა მეზობლებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არაერთხელ განუცხადებიათ. ყველას გვახსოვს, თუ როგორ უბიძგა საქართველოს ბუქარესტის სამიტზე, წევრობაზე ნატოს-ს დაპირებამ დანაშაულებრივი თავდასხმისკენ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე 2008 წლის აგვისტოში.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ მალავენ, რომ ამჟამინდელი სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება, როგორც რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის ნაწილი. ის როლი, რომელსაც საქართველო აღნიშნულ კონტექსტში თამაშობს, ართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...