რუსეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში გამგზავრებამდე რისკები შეაფასონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ზედმიწევნით შეაფასონ რისკები, რაც საქართველოში გამგზავრებასთან არის დაკავშირებული.
„ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უწყებაში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო განაცხადეს, რომელმაც მოსკოვის ექსმერი იური ლუჟკოვი „შავ სიაში“ ჩასვა.

„რაც არ უნდა იყოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია რუსეთის მოქალაქეების ყურადღება მიაპყროს იმ რისკების ზედმიწევნით შესაფასებლად, რაც დაკავშირებულია საქართველოში გამგზავრებასთან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც ქართულმა მხარემ გაწყვიტა, თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია თანამოქალაქეთა დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის მოსკოვთან მიმართებაში გაჯანსაღების პროცესს. „ყურადღება მივაქციეთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის „არასასურველი პირების“ სიაში შეყვანის შესახებ მის მიერ მანამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნის გამო. როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. ძნელია რაციონალურად ასეთი ქმედების ახსნა – ქართულ-რუსულ ნორმალიზებას ხომ საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთის“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...