რუსეთმა საქართველო-ნატო-ს გაღრმავებულ სამხედრო თანამშრომლობაზე შეშფოთება გამოთქვა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, ქართული მხარის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა საერთო ჯამში დადებითად შეაფასეს რეგიონში არსებული ვითარება.

„სასაზღვრო ზონებში არ არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის, არც საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით. საზღვრის გადამკვეთთა რაოდენობა შთამბეჭდავია – 1,1 მილიონი ქართულ-აფხაზურ საზღვარზე, ხოლო 162 ათასი ქართულ-ოსურ საზღვარზე. ყურადღება დაეთმო პოტენციურ საშიშ შემთხვევებს, მათ შორის, საინფორმაციო ნიშნების დაზიანებასა და საზღვარზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას. ცხინვალის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს ოფიციალური თბილისი, რომ მსგავსი ფაქტების ხელშეწყობა სერიოზულ საფრთხერს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ერგნეთში მომუშავე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჯგუფის მუშაობა და აღინიშნა, რომ აუცილებელია მსგავსი ფორმატის აღდგენა გალის რაიონში.

ასევე ყურადღება დაეთმო ძალის გამოუყენებლობის საკითხს და როგორც რუსეთის დიპლომატიური უწყება ამბობს, ქართულმა მხარემ კვლავ დაბლოკა აღნიშნული პრიორიტეტული საკითხის ირგვლივ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის მიღების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები.

რუსული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა საქართველო-ნატო-ს გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ და აღინიშნა, რომ საქართველოს მისწრაფება ალიანსში გაწევრიანების თაობაზე საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებასა და ჟენევის მოლაპარაკებებს.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ასევე მნიშვნელოვანი როლი დაეთმო გალის რაიონის სკოლებში სასწავლო პროცესის საკითხს.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნის გამო, განეხილათ დევნილთა პრობლემები, მოლაპარაკებები ვადაზე ადრე დასრულდა.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა 2016 წლის მარტის ბოლოსაა დაგეგმილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.