რუსეთში აბაზანის ლოსიონის დალევის შემდეგ 49 ადამიანი გარდაიცვალა

ჰოსპიტალში გადაყვანილი 57 ადამიანიდან 49 გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში აბაზანის კონტრაფაქტული ლოსიონის “ბოიარიშნიკის” დალევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს. შხაპის მიღების ორიგინალური საშუალება ეთილის სპირტს შეიცავს და რუსეთის ცენტრალურ და ჩრდილო რეგიონებში მისი პოპულარობა კრიტიკულად გაზრდილია.

კონტრაფაქტული ლოსიონი ეთილის სპირტის ნაცვლად მეთილის სპირტს შეიცავდა, რაც გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზიც გახდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ უკვე მიაგნეს იატაკქვეშა საწარმოს, სადაც მზადდებოდა შხამის შემცველი პროდუქტი და მისი მფლობელები დაპატიმრებული არიან.

ირკუტსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია გამოცხადებული. აკრძალულია სპირტისშემცველი ყველა პროდუქტის გაყიდვა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოწამვლის ფაქტები.

ალკოჰოლური ბაზრის მარეგულირებელი ფედერალური სამსახურის ცნობით რუსეთის მოქალაქეები 250 მილიონ ლიტრ სპირტისშემცველ ლოსიონებსა და ნაყენებს სვამენ და ასეთი სახის საყოფაცხოვრებო ქიმიაზე მოთხოვნა წელიწადში 20 პროცენტით იზრდება.

საყოფაცხოვრებო ქიმიის, აბაზანისა და ტანის მოვლის საშუალებები, ასევე სამედიცინო დანიშნულების პროდუქტები, რომელიც სპირტს შეიცავს, არ იბეგრება აქციზით და მათი დაბალი ფასის გამო, რუსეთის მოქალაქეებში პოპულარობით სარგებლობს.

წყარო : ipress.ge

Comments
Loading...