რუსეთში სამგზავრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 12 ადამიანი ემსხვერპლა

კრასნოიარსკის მხარეში სამგზავრო ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა. როგორც სააგენტო „ინტერფაქსს“დასავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურორმა, აქსანა გორბუნოვამ განუცხადა, ავიაკატასტროფის შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა.
“ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა”, – განაცხადა გორბუნოვამ.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ბორტზე 25 ან 26 ადამიანი იმყოფებოდა. ვერტმფრენი ავიაკომპანია “Turuhan”-ს ეკუთვნოდა. ავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი დროით 11:45 სთ-ზე ვერტმფრენთან კავშირი გაწყდა.
საგანგებო სამსახურს კატასტროფის შესახებ თავად მგზავრებმა შეატყობინეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები უკვე გაემგზავრნენ. ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Leave A Reply

Your email address will not be published.