რუსეთში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, შესაძლოა პატიმრობა დაემუქროთ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები მზად არიან, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების საჯარო გამოხატვაზე, პატიმრობა დააწესონ და ამასთან დაკავშირებით, პროექტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელონ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო მოწყობის საკითხთა კომიტეტში განაცხადეს, რომ მზად არიან ჰომოსექსუალებისთვის დაწესებული ჯარიმებისა და პატიმრობის შესახებ კანონპროექტში შესატან ახალ რედაქციაზე იმსჯელონ.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა რუსტამ იშმუხამეტოვმა განაცხადა. მისი თქმით, ის, როგორც დეპუტატი, იზიარებს კანონპროექტის ავტორთა შეშფოთებას.

მისი თქმით, რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსის თანახმად, პასუსისმგებლობის საკითხი ფედერალური კანონმდებლობითა და სხვადასხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული კანონის და ნორმების დარღვევით დგინდება.

კანონპროექტის მიხედვით, განსახორციელებელი ცვლილება არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების საჯარო გამოხატვას ეხება.

„თუ არატრადიციული ქმედების გამოხატვა სისხლის სამართლებრივ დანაშაულად არ ითვლება, ამ შემთხვევაში კანონპროექტი ქმედებისთვის 4-დან 5 ათას რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ აღნიშნულ ქმედებას პირი საგანმანათლებლო ან კულტურული დაწესებულებების ან ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა განყოფილებებში ჩაიდენს, მას 15 დღიანი პატიმრობა ემუქრება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სათათბიროში გასული წლის ოქტომბერში შევიდა კანონპროექტი, რომელიც არატრადიციული ურთიერთობების საჯარო გამოხატვისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს.

წყარო: pia.ge
თამარ მელქაძე

Comments
Loading...