რუსი ოკუპანტები აფხაზეთში ტაძრის დანგრევას უარყოფენ

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსი ოკუპანტები აფხაზეთში პოლიგონის მშენებლობისთვის სამუშაოებს აწარმოებენ და ამის გამო ეკლესია დაანგრიეს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაუგებრობას უწოდებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსული შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქზე დაყრდნობით იუწყება.
“აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსეთს შეიარაღებული ძალების მეშვიდე სამხედრო ბაზის ინტერესებით არანაირი სამშენებლო და სხვა სამუშაოების ჩატარება არ მიმდინარეობდა და არც იგეგმება“, – აღნიშნულია
სამხრეთის სამხედრო ოლქის განცხადებაში.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო და აღნიშნულ ფაქტს შეგნებულად განხორციელებულ ვანდალიზმის აქტს უწოდებს.
ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო სამინისტრო და რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს ეკლესიების ნგრევა საქართველოს ტერიტორიაზე.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი “შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის” 1954 წლის კონვენციას, ასევე “კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების” შესახებ UNESCO-ს 2003 წლის დეკლარაციის პრინციპებს.

სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას,UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
ekhokavkaza.com-ის ინფორმაციით,
რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის სოფელ წებელდაში XIX საუკუნის ტაძარი სამხედრო მიზნებისთვის დაანგრიეს. სამხედრო პოლიგონის მოსაწყობად ოკუპანტებმა ტაძარი და მის მიმდებარედ არსებული საფლავები ბულდოზერებით გადათხარეს.
აღსანიშნავია, რომ პოლიგონის ახლოს ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალი მდებარეობს, რომელსაც განადგურება ემუქრება.
2011 წელს დეფაქტო ხელსუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდას მიმდებარე ტერიტორია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, რათა აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებები ჩაეტარებინათ. მოგვიანებით ტერიტორია მესაზღვრეებს გადაეცათ, რომლებმაც სამხედრო პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა და მისი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

Comments
Loading...