რუსი ვიდეობლოგერი ეკლესიაში Pokemon.Go-ს თამაშისთვის გაასამართლეს

მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის რუს ბლოგერს ეკატერინბურგის სასამართლომ სამწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, თუმცა პროკურორი მის დაპატიმრებას ითხოვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

22 წლის რუსლან სოკოლოვსკი, სასამართლომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და კომპიუტერული ტექნიკის არამიზნობრივად გამოყენებაში ცნო დამნაშავეს.

სასამართლომ მტკიცებულებად ბლოგერის მიერ, 2016 წლის აგვისტოში სოციალურ ქსელ YouTube-ზე ატვირთული ორი ვიდეო მიიჩნია. ერთ-ერთ მათგანზე, ასახული იყო როგორ თამაშობს სოკოლოვსკი Pokemon.Go-ს ეკლესიაში. მეორე ვიდეოში კი, ბლოგერი საუბრობს საზოგადოებაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უარყოფით გავლენებზე. ორივე ვიდეოს YouTube-ზე ორ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

ბლოგერი 2016 წლის სექტემბერში დააკავეს. სახლის ჩხრეკისას მის ნივთებში სათვალთვალო კამერა-კალამიც აღმოაჩინეს. .

„მე არავის უფლებები არ დამირღვევია. მე მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვხატავდი. ვწუხვარ, თუ ამის გამო ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო“, განაცხადა სასამართლო პროცესის შემდეგ ბლოგერმა. სოკოლოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მან შესაძლოა ბლოგერობას თავი დაანებოს და ეკატერინბურგის მერიის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სოციალური პროექტებში ჩაერთოს.

კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ რუსეთის დუმამ 2013 წელს მიიღო. აღნიშნული კანონის დამტკიცებას, 2012 წლის აგვისტოში დაკავებული რუსული პანკ-ჯგუფი Pussy Riot-ის სასამართლო პროცესმა შეუწყო ხელი. პირველად ამ მუხლით პანკ-ჯგუფის წევრები გაასამართლეს.

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...