რუსთავი 2-ის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში დასრულდა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შოთა ივანაშვილის დაკითხვა, რომელმაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კომპანიის წილების საბაზრო ღირებულების დასკვნა მოამზადა და მტკიცებულების სახით ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლებმა სასამართლოში წარმოადგინეს.

ექსპერტმა განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული მასალები საკმარისი იყო დასკვნის გასაკეთებლად. თუმცა მის მოსაზრებას არ ეთანხმება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი, რომელიც “აიპრესთან” აცხადებს, რომ საბუთი, რომელიც სასამართლოში მტკიცებულებად წარმოადგინა ქიბარ ხალვაშმა, არის ყალბი. რადგან საბუთზე, რომელიც ექსპერტს ქონდა წარდგენილი ხელს აწერს თითქოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იმჟამინდელი ფინანსური დირექტორი რევაზ ბერიაშვილი.

“ეს ადამიანი ვინ არის საერთოდ? მას შეუძლია ნებისმიერი ციფრი მოიგონოს. საბუთს ხელს აწერს რევაზ ბერიაშვილი. ის ამტკიცებს, რომ არის ფინანსური დირექტორი, მაგრამ რითი ამტკიცებს? დოკუმენტი, რომელიც ბეროშვილმა ექსპერტს წარუდგინა, არის ყალბი. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც დაეყრდნო ექსპერტი. აქედან გამომდინარე, ექსპერტის მიერ გაკეთებული დასკვნა არის ყალბი და უნდა ამოირიცხოს მტკიცებულებათა სიიდან”, – განაცხადა მურადაშვილმა.

Comments
Loading...