„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების ნაწილმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაშლილ კარვებში გაატარა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა სოლიდარობის ნიშნით, ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაატარა.

მოქალაქეებმა ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეკრება უზენაესი სასამართლოს იმ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს, რომლითაც 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონობად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად და ხელისუფლების მიერ „რუსთავი 2“-ის წართმევად აფასებს.

უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელია. განჩინების მიხედვით, „რუსთავი 2-ის” 60%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობილია ხალვაში, ხოლო 40% კი მის კუთვნილ შპს „პანორამას“ გადაეცა.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა ყარამანიშვილების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

“უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება”, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Comments
Loading...