“რუსთავი2”-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

“1. როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ვემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ დამოუკიდებელი სასამრთლოს განჩინება მოითხოვს აღსრულებას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მას ერთ-ერთი მხარე.

2. ჩვენი თანხმობა, დავნიშნულიყავით დროებითი მმართველის თანამდებობაზე, განაპირობა “რუსთავი 2”-ის ირგვლივ შექმნილმა რთულმა ვითარებამ – ინფორმაციამ მოსალოდნელი არეულობის, დესტაბილიზაციისა და ბარიკადების აღმართვის შესახებ. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ჩვენი ყოფილი და მომავალი თანამშრომლების გამოყენება ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროვოკაციაში.

3. ამ დაძაბულ ფონზე, პირველი ინსტანციაში ქიბარ ხალვაშის მიერ მოგებულმა პროცესმა დააჩქარა ჩვენ შორის სამომავლო მოლაპარაკება. მომავალი პარტნიორისგან მივიღეთ წინადადება – სასამართლო პროცესის სრულად და წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანიის 50% პროცენტის მფლობელობა და დირექტორის პოსტი. მიგვაჩნია, აღნიშნული შემოთავაზება სრული გარანტიაა იმისა, რომ მომავალში “რუსთავი 2” გახდება დამოუკიდებელი, არაპარტიული და კრიტიკული მედიასაშუალება, რომლის ფუნქციონირების პრინციპები ჩვენ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ ამა წლის 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

4. მიუხედავად გაუქმებული დროებითი მმართველის სტატუსისა, თავს მოვალედ ვთვლით მომავალში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ ნებისმიერ პროცესში, რათა ხელი შეუწყოთ სამართლიანობის სრულ აღდგენას.

5. ჩვენ, “რუსთავი 2”-ის კანონიერი მფლობელები, რომლებსაც 2004 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით და ზეწოლით, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ დაგვათმობინა ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი, გადააქცია ქვეყნის ნომერ პირველი მედიასაშუალება “ნაცმოძრაობის” პოლიტიკურ იარაღად და პროპაგანდისტულ მანქანად, ყველა კანონიერ უფლებას გამოვიყენებთ, რომ ჩვენი დაბრუნებით ტელევიზიას, მის ჟურნალისტურ, შემოქმედებით და ტექნიკურ შემადგენლობას მიეცეს საშუალება რეალურად შეასრულოს მასზე დაკისრებული რთული, მაგრამ საპატიო ამოცანა – ქვეყნის დემოკტარიული განვითარების, ევროატლანტიკური კურსის გატარების და მეთვალყურის (ვოჩდოგი) ფუნქციის წარმატებით განხორციელების საქმეში”, – ნათვქამია დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.