რუსთავში “კანონიერი ქურდი” ლაშა შუშანაშვილი დააკავეს (ვინ არიან ძმები შუშანაშვილები?)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით რუსთავში სამი პირი დააკავა. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა სპეცოპერაციის დეტალები. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის გახლავთ საზღვარგარეთ მყოფი “კანონიერი ქურდის”, კახა შუშანაშვილის ძმისშვილი ლაშა შუშანაშვილი.  მასთან ერთად დაკავებულია “კანონიერი ქურდის” ნათლული და ასევე მისი მეგობარი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი დავალებებს ესპანეთის ციხეში მყოფი კახა შუშანაშვილისგან იღებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა ქურდული სამყაროს სახელით ერთ-ერთ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი – 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვასილ ლ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზვიად ს. და 1998 წელს დაბადებული ლაშა შ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამივე ბრალდებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები არიან. დაკავებულებმა, ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, რუსთავში მცხოვრებ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავალებით მოქმედებდნენ.

პოლიციამ სამივე ბრალდებული რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით)”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ვინ არიან ძმები შუშანაშვილები?

ძმები შუშანაშვილების სახელი ქურდულ სამყაროში ყველასთვის ცნობილია. ესპანური პრესა კახა შუსანაშვილს ქართულ-რუსული მაფიის გენერლადაც მოიხსნიებს. მისი ძმა, ლაშა შუშანაშვილი ქურდულ სამყაროში ასევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. შედარებით ნაკლებად ცნობილია მესამე ძმა – კობა შუშანაშვილი. სწორედ კობას ვაჟი, 18 წლის ლაშა შუშანაშვილი დააკავეს რუსთავში სპეცოპერაციის შედეგად. როგორც ზევით აღვნიშნეთ, დაკავებული მითითებებს ესპანეთის ციხეში მყოფი ბიძისგან, კახა შუშანაშვილისგან იღებდა.

ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ კახა შუშანაშვილს 18 მაისს 20 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მასთან ერთად დაკავებულ დანარჩენ 12 ბრალდებულს კი 1-დან 7 წლამდე პატიმრობები ერგოთ. ესპანეთის ციხეში 7-წლიან სასჯელს მოიხდის ახალგაზრდა ძიუდოისტი გიორგი ნ-ც, რომელიც ოჯახთან ერთად ალიკანტეში ცხოვრობდა. მას 327 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. ამავე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს თავად შუშანაშვილსაც, რომლის ქონება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე კონფისკირებულია.

შუშანაშვილს ესპანეთის პროკურატურა ფულის გათეთრებას, თაღლითობას, საბანკო ბარათების გაყალბებასა და შეკვეთილ მკვლელობას ედავებოდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, პატიმრობის შეფარდებასთან ერთად, ასევე, მოხდა მის საკუთრებაში არსებული ფულისა და ქონების სრული კონფისკაცია. გამოძიების ინფორმაციით, ქართველი „კანონიერი ქურდის“ მეთაურობით დაჯგუფება ესპანეთში 2008 წლიდან გააქტიურდა.

„ისინი ქმნიდნენ სპეციალურ ფირმებს, გახსნეს სამრეცხაოები, სადაც ე.წ. „ობშიაკის“ ფული იკრიბებოდა. გარდა ამისა, დააარსეს ფოსტის მიტანის მომსახურება“, – წერს უცხოური მედია.

ესპანელი სამართალდამცავები შუშანაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხსაც განიხილავდნენ, თუმცა საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის იმ ქვეყანაშივე გაესამართლებინათ, სადაც დანაშაული ჩაიდინა. გამოძიების ეტაპზე შუშანაშვილს მკვლელობის ერთი ბრალდება მოეხსნა, ვინაიდან ესპანური მედიის ცნობით, „ეს დანაშაული საფრანგეთის იურისდიქციაში შედის“. საუბარია საფრანგეთში კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდის“ ვლადიმერ ჯანაშიას შეკვეთილ მკვლელობაზე.

ლადო ჯანაშია ნიცაში მდებარე აგარაკზე 2010 წელს ჩაცხრილეს. ზუგდიდელი ლადო ჯანაშია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის მოკავშირე იყო. ერთ-ერთი ვერსიით, მისი მკვლელობა რუსეთში „კანონიერ ქურდთა“ ორ დაჯგუფებას შორის მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირების ნაწილია, რომელიც ცნობილი რუსი ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანოვის, იგივე „იაპონჩიკის“ მკვლელობით დაიწყო. ამ მკვლელობაში „ქურდების“ ნაწილი სწორედ ონიანს ადანაშაულებს და ერთი ვერსიით, ჯანაშიას მკვლელობაც მათი მხრიდან შურისძიება გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ქართველი „ქურდები“ ორივე დაპირისპირებულ ბანაკში არიან. ჯანაშიას ოჯახში აცხადებდნენ, რომ მკვლელობა „კრიმინალური ავტორიტეტის“ კახა შუშანაშვილის დაკვეთით მოხდა. ესპანელი პროკურორის ინფორმაციით, შუშანაშვილმა ლადო ჯანაშიას მკვლელობა მანამდეც სცადა ბელგიიდან ჩასული ქილერის მეშვეობით.

თავად შუშანაშვილი წლებია, ესპანეთში ცხოვრობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ქვეყანაში 10 სხვადასხვა ყალბი პასპორტით გადაადგილდებოდა, სტატუსის მიღების მიზნით კი ფიქციური ქორწინებაც გააფორმა. მიუხედავად ამისა, გავლენიანი ქართველი ავტორიტეტი პოლიციის მახეში მაინც გაება და ამჯერად ის უკვე მრავალწლიან სასჯელს ესპანურ ციხეში მოიხდის

 

წყარო: PRIMETIME.GE

Leave A Reply

Your email address will not be published.