დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა “Ту-154”-მა, რომელიც სირიაში მიფრინავდა, შავი ზღვის თავზე კატასტროფა განიცადა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად ცნობილი ინფორმაციის მიხედვით, ცოცხალი არავინ გადარჩენილა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, ამ ეტაპზე არსებულ ოფიციალურ ფაქტებს გთავაზობთ, რაც ამ მომენტისთვისაა ცნობილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი “Ту-154” სოჭიდან აფრენიდან 2 წუთის შემდეგ გაქრა რადარებიდან. მოგვიანებით თვითმფრინავის ფრაგმენტები სოჭის სანაპიროდან . მეტრის რადიუსზე და 50-70 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს;
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მგზავრთა სახელების ადა გვარების სია, რომელშიც 92 ადამიანია მითითებული. მათ შორისაა ეკიპაჟის 8 წევრი, 64 არტისტი, მედიის 9 წარმომადგენელი და 2 სახელმწიფო მოხელე;
ბორტზე მყოფთა დაღუპვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ეტაპისათვის აღმოჩენილია 10-12 ცხედარი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადარჩენილი ჯერჯერობით არავინ ჩანს;
თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. არსებობს უბრალო ვარაუდები, რომელთა შორის ყველაზე პრიორიტეტული თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობაა. ტერაქტის ვერსიას ექსპერტთა უმრავლესობა გამორიცხავს;
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 1983 წელსაა გამოშვებული. თვითმფრინავი ბოლოს 2014 წელს გაარემონტეს. თვითმფრინავს პირველი კლასის მფრინავი რომან ვოლკოვი მართავდა;
სამძებრო სამუშაოებში დაახლოებით 30 ხომალდი, 40 მაშველი და მყვინთავია ჩართული;
სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში განხორციელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა. აღნიშნული ტერიტორიის მანძილი 10.5 კილომეტრია;
ბორტზე აგრეთვე უნდა ყოფილიყვნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იოსეფ კობზონი და ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი ტატიანა მოსკალკოვა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მათ ფრენა გადადეს;
ორშაბათს, 26 დეკემბერს რუსეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვა გამოცხადდება;
საგამოძიებო კომიტეტმა, ავიაკატასტროფის ფაქტზე, ფრენის წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა;
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კატასტროფის გამოძიების მიზნით სახელმწიფო კომიტეტის შექმნის ბრძანება გასცა, რომელსაც რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი მაქსიმ სოკოლოვი ჩაუდგება სათავეში, რომელიც უკვე სოჭში იმყოფება;
წყარო : ipress.ge