სააკაშვილი:- „ბავშვის მომვლელად ვიმუშავებ“

ზუსტად არ ვიცი რას გადავწყვეტ. „ჯობს ჯეზეც“ არ არის ცუდი ვარიანტები, მაგრამ სტაჟს ითხოვენ, მე კი მხოლოდ გზების დაგებაზე ბრძანების გაცემა შემიძლია. ასევე კორუფციასთან ბრძოლის თეორიას ვფლობ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი
როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მიშა სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდანაც გააბუნძულეს, ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი სასწრაფოდ ოდესაში გადაფრინდა ნაშებში საგულაოდ. ეს რა შუაშია მიშასთან? არაფერში, უბრალოდ დასაწყისს უხდებოდა… თუმცა, თუ სადმე მიშას გადავეყარე, მიშასთანაც ჩავწერ ინტერვიუსო შეგვპირდა ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი და შეასრულა კიდეც.

აი, რა მოგვწერა მან ოდესიდან:-

თავიდან ბატონი მიხეილი კარს საერთოდ არ მიღებდა, მაგრამ როგორც კი ვუთხარი, რომ მეგი გიცირიძის ახლობელი ვარ, დიდი მოწიწებით შემხვდა და კარი ფართოდ გამოაღო. მიუხედავად კარის სიფართოვისა, მან მაინც ვერ წარმოაჩინა ბატონი სააკაშვილის დიდებული სიგრძე და (განსაკუთრებით) განი,რომელიც დავით აღმაშენებელზე მეტად გარეგნულად ფრანკთა იმპერატორ-შარლ III ფუმფულას ანდაც ჰენრი VIII-ს მოჰგავდა, ბედით კი უფრო მეტად  ჯონ უმიწაწყლოს.

აღარ დავაყოვნე და ინტერვიუც დავიწყე:-
-ბატონო მიხეილ,გავიგეთ რომ უმუშევარი დარჩით,რას აპირებთ?

-კარგი კითხვაა… სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ვაკანსიები არ მომწონს. “სიტყვა და საქმე“ ვიყიდე და იქ ვეძებდი. საბოლოოდ ძიძობაზე და რესტორნის მომსახურეზე „ოფიციანტზე“ შევჩერდი… ზუსტად არ ვიცი რას გადავწყვეტ. „ჯობს ჯეზეც“ არ არის ცუდი ვარიანტები, მაგრამ სტაჟს ითხოვენ, მე კი მხოლოდ გზების დაგებაზე ბრძანების გაცემა შემიძლია. ასევე კორუფციასთან ბრძოლის თეორიას ვფლობ.

-მაინც რომელი პროფესიისკენ იხრებით?

-უფრო, ალბათ ძიძობა მიტაცებს. მიყვარს როცა ვუვლი. ქვეყანას ვუვლი, ოდესას ვუვლი, რაღა ბავშვის მოვლაც გამიჭირდება? პლუს ამას- ვაჭმევ. აი ჭმევა კი ჩემზე უკეთ ვინ იცის?  საჭმელს ვაჭმევ და ტყუილსაც ვაჭმევ. მოკლედ ბავშვის მოვლა ჩემი მოწოდებაა. სხვათა შორის გვირაბის მთხრელადაც მინდა მუშაობა.

-ქალბატონი სანდრა რაღას იზამს?

-ეს უფრო რთული საკითხია… დროებით უმუშევარია სანდრა, კანდიდატურა მოხსნა, მეეზოვეობას არ კადრულობს, ბაღის მასწავლებლობა არ სურს, თვითონაც არ იცის რა უნდა… ოჯახში ამის გამო პრობლემები გვაქვს. სხვათა შორის, განიხილავს არასამთავრობოში გადასვლასაც, აი, მაგალითად, მარტოხელა დედების კლუბის დაარსება უნდა, „არასამთავრობო-ნაციონალური მოძრაობაც“ კარგი იქნებოდა. მოკლედ ყველაფერს განვიხილავთ.

ამ სიტყვებზე, მიხეილ ფუმფულა უმიწაწყლოს თვალებში ისეთი სევდა და დარდი ჩაუდგა, ვეღარ შევძელი მასთან ინტერვიუს გაგრძელება და სასწრაფოდ გამოვემშვიდობე. გამომაცილა და კარის ზღურბლიდან კვლავ ის ტკივილიანი მზერა გამომაყოლა.  მხოლოდ მაშინ მეცა თვალში მისი გაჭაღარავებული თმა. ამ წუთამდე ვფიქრობ, ნეტავ რისგან დაემართა ეს –  სამშობლოზე დარდით, თუ მეორე სამშობლოზე დარდით?

ავტორი: მასე აბარავა

წყარო :  http://bstv.ge/

Comments
Loading...