სააკაშვილი გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.

როგორც სააკაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ „რუსთავი 2″-ს განუცხადა, გია ცერცვაძეს 3 თებერვალს გაათავისუფლებენ.

„ვფიქრობ, რომ 3 თებერვალს გაუშვებენ, მაგრამ პატიმრობის ყოველი დამატებითი დღე სამარცხვინოა. დღეს უკვე ჩანს, რომ გაუშვებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სხდომა შესაბამისი მასალების არარსებობის გამო, 3 თებერვლამდე გადაიდო.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

Comments
Loading...