სააკაშვილი: იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა, თვითონაც გაოგნებული ვარ

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  განცხადებით, ამ დროისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.

ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდა, კომისიები არ მიატოვონ, რადგან ახლა თითოეული მანდატის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ფაშისტური პატრიოტთა ე.წ. ალიანსი ვერ ლახავს და ამ მომენტში, პროპორციული სიით განსხვავება მანდატებს, ორ დარჩენილ პარტიას შორის, ჩვენი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ სულ რამდენიმე მანდატია და მაჟორიტარული ოლქების შემოსული ოქმებით, ამ მომენტისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა კომისიებში უნდა ვიმუშაოთ ძალიან მაგრად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენ ოლქში აქვს უპირატესობა, თვითონაც გაოგნებულია.

„არავინ არ უნდა მიატოვოს პოსტი კომისიებში. მითუმეტეს, უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი წინ გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თითოეული მანდატის დაცვა, რადგან სიტუაცია არ არის ისეთი, როგორიც თავიდან გამოჩნდა. აშკარად, ყოველწუთიერად უკეთესობისკენ იცვლება. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა, რომ არა მხოლოდ ხელები არავინ ჩამოუშვას, არამედ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ყოველი ოქმი უნდა იყოს დაცული და დარწმუნებული ვარ, ყველაზე უკეთეს შედეგს მივიღებთ ვიდრე წარმოგვედგინა. იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა, თვითონაც გაოგნებული ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ტელეიმედის“ ეგზიტპოლების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით – 53% „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19%-ით და მესამე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსი“ 5%-ით.

Comments
Loading...