სააკაშვილი ხმაურიანი სხდომის ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას კატეგორიულად მოითხოვს

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას მოითხოვს. ამის შესახებ, სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურისაგან კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პრემიერისა და შს მინისტრის პროვოკაციული ქცევის სრული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნოს.

ვიდეოჩაწერა ხდებოდა სამი კამერით და უკრაინელ ხალხს აქვს უფლება, ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მას. მე პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, რომელიც წარმოვთქვი“, – წერს სააკაშვილი.

უკრაინაში რეფორმების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის შს მინისტრ არსენი ავაკოვსა და ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ამის შესახებ liga.net წერს.

უკრაინული მედიასაშუალების ცნობით, ავაკოვი კონფლიქტის დეტალებზე Facebook-ში წერს. მისი თქმით, სააკაშვილს მისი კითხვა, თუ რატომ აქვს კონტაქტი ერთ-ერთ რუს ოლიგარქთან, ოდესის გუბერნატორს არ მოეწონა.

„სააკაშვილი მწყობრიდან გამოვიდა, ისტერიკა დაიწყო და მიყვიროდა: არავის აქვს უფლება, ასე ელაპარაკოს მიხეილ სააკაშვილს, შენ კორუმპირებული მინისტრი ხარ, მე კი პატიოსანი ადამიანიო და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადავიდა“, – წერს ავაკოვი და აღნიშნავს, რომ ამის გამო, სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა.

უკრაინელი დეპუტატი სერგეი ლეშენკო მომხდარს „პოლიტიკურ ომს“ უწოდებს. მომხდართან დაკავშირებით, დეპუტატიც Facebook-ში წერს.

„დაიწყო ჩხუბი, ავაკოვმა სააკაშვილი დაადანაშაულა, რომ ის თავადაა ქურდი. სააკაშვილმა თქვა, რომ მას არაფერი გააჩნია, გარდა პატიოსანი სახელისა. ავაკოვი კი ყვირილზე გადავიდა: წაეთრიე ჩემი ქვეყნიდანო. მწყობრიდან გამოსულმა, სააკაშვილს ჭიქა ესროლა“, – წერს ლეშენკო.

მისი თქმით, კონფლიქტში პრემიერი არსენი იაცენიუკიც ჩაერთო.

„პრემიერმა იაცენიუკმა სააკაშვილს „გასტროლიორი“ უწოდა და მას უკრაინიდან წასვლა მოსთხოვა. სააკაშვილმა კი აღნიშნა, რომ ის უკრაინის ისეთივე მოქალაქეა, თუმცა, იაცენიუკისაგან განსხვავებით, ქვეყანა არ გაუძარცვავს. ეს ყველაფერი პრეზიდენტ პოროშენკოს თვალწინ მოხდა, რომელიც მხარეებს ამშვიდებდა, შემდეგ კი სხდომა დახურა“, – აცხადებს დეპუტატი.

Comments
Loading...