სააკაშვილი – კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ გამარჯვება იზეიმონ

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის გადადგომას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ლორთქიფანიძეს ჯერ ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ კი, მისი დევნა დაიწყო.

„ეს იყო პოლიციის პირველი უფროსი ოდესის ისტორიის ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. თავიდან მას ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ კი, ყველა მხრიდან იდევნებოდა.

რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნეთ, ოდესა ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნეთ და იმისთვის, რომ სრულიად ძირგამომპალ სისტემაში სუფთა დარჩი და ღირსება შეინარჩუნე. ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ, მაგრამ ვარწმუნებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გია ლორთქიფანიძემ ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ლორთქიფანიძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

Comments
Loading...