სააკაშვილი: მე ჩემს ქვეყანაში, უკრაინაში ვიმყოფები და სიამაყით ვატარებ უკრაინულ პასპორტს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე უკრაინის პრემიერმინისტრის არსენი იაცენუკის ინტერვიუს აქვეყნებს და პრემიერის მხრიდან დასმულ შეკითხვას “რატომ ვერ ბრუნდება სააკაშვილი საქართველოში?” – პასუხობს, რომ იგი უკვე თავის ქვეყანა – უკრაინაში იმყოფება…

“რამდენადაც პრემიერმინისტრმა გამაკრიტიკა და ქართული რეფორმები ახსენა, მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. რამდენიმე შედარებას გავაკეთებ საქართველოსა და უკრაინის რეფორმებთან დაკავშირებით. როდესაც მე ვიყავი საქართველოს ხელისუფლებაში, ეკონომიკა, მაშინაც კი, როცა ომი და დაძაბულობა იყო ქვეყანაში, მაინც ორჯერ გაიზარდა, ხოლო უკრაინული ეკონომიკა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, კატასტროფულად ეცემა…

ჩემი მმართველობის დროს, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი 60-დან 5 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო უკრაინაში 32-დან 48 პროცენტამდე გაიზარდა. ჩემი მმართველობის დროს, საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში მე-8-ე ადგილზე გავიდა, ხოლო უკრაინა ჯერ მხოლოდ 72-ე ადგილზეა. ჩემი მმართველობის დროს, ბიზნეს სუბიექტებს შორის, კორუფციის მაჩვენებელი 80-დან 2 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო უკრაინაში, ამ ბოლო დროს, 80 პროცენტამდე გაიზარდა.

უკრაინის რეიტინგი, სამწუხაროდ, ყველაზე ცუდ აფრიკულ რეიტინგს დაემსგავსა… ახლა კი მინდა დავუბრუნდე იმას, რაც პრემიერმა თქვა, რომ მე არ შემიძლია საქართველოში დაბრუნება. ეს ქამრის ქვემოთ მოყენებული დარტყმაა, თანაც პოსტმაიდანური სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში, იმ რეპრესიის პროტესტით მოვიდა, რომელსაც იანუკოვიჩი ახორციელებდა. საქართველოში, ისევე, როგორც კიევში, პრომოსკოვური მაფია იყო. ამიტომ, მე ძალიან ღია დამოკიდებულება მაქვს ოლიგარქების მიმართ (სწორედ იმ ოლიგარქების, რომელთა შესახებ პრემიერი ასე მეგობრულად საუბრობს) განსაკუთრებით იმ ოლიგარქების მიმართ, რომლებსაც მოსკოვთან აქვთ კავშირი. მე ახლა ჩემს ქვეყანა – უკრაინაში ვიმყოფები, სიამაყით ვატარებ უკრაინულ პასპორტს, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოსგან მივიღე, მე მჯერა ნათელი მომავლის ქვეყნის პრემიერთან ერთად და უკრაინისთვის მხოლოდ წარმატება მსურს”, – აღნიშნავს სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

Comments
Loading...