საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანიის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტებში მონაწილეობის შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ რომ დაგვცლოდა, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას უკვე იდგებოდა “ტრამპ თაუერი”. ამ პროექტის შეჩერება მთლიანად ტლუ რუსი ოლიგარქის გადაწყვეტილებაა, რომელმაც მე და ტრამპს სულ მატყუარები და აფერისტები გვეძახა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპის კომპანია საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტებში მონაწილეობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press-ი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ადვოკატ ალან გარტენზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარტენის განცხადებით, ტრამპის ორგანიზაციამ უკვე გაიწვია სალიცენზიო შეთანხმება აზერბაიჯანში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით და იმავეს გაკეთებას აპირებს საქართველოსთან მიმართებაშიც.
გამომცემლობა წერს, რომ გადაწყვეტილება ტრამპის მიერ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ბიზნესიდან გასვლის განზრახვას უკავშირდება.