სააკაშვილის “დიდგორი” 20 იანვარს სპორტის სასახლეში – სააკაშვილმა ბოკერიას პარტიის”ახევის” მცდელობა არ აპატია?!

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამთავრებს არსებობას”

როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა გარდაუვალია და ეს გადაწყვეტილება მტკიცედ აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ბოკერიას პარტიის “ახევის” მცდელობა არ აპატია.

“შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება”, – დაწერა “ფესიბუკის” პირად გვერდზე ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ, რომელიც პარტიის სამდივნოს 22 დეკემბრის სხდომას შეეხო და აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი შეკრების ჩატარების თაობაზე საკითხი დააყენეს, რაზეც უარი მიიღეს.

“ასეთ საოცარ რეალობაში გავიღვიძეთ. გუშინ პარტიის სამდივნოს სხდომაზე, იმის პასუხად, რომ წინა პოლიტსაბჭოზე გამარჯვებულებს საკრალური 7 ათასის გარდა ყრილობის ჩატარების არც ერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ასე მოქმედება შეუძლებელია, საჭიროა პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება და ყველაფრის დაზუსტება, პასუხად მივიღეთ, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია. მითითება იმაზე, რომ ამ კომისიის წარდგენილი წევრებიც, წინა გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, არ აინტერესებთ. თურმე წინა პოლიტსაბჭოს ნათქვამი, რომ მსგავსი კომისია უნდა შეიქმნას, იმთავითვე მის დამტკიცებას (!) ნიშნავდა. ანუ წევრთა წარდგენა იმთავითვე დამტკიცებასაც ნიშნავს. ხოდა, მივიღეთ ერთგვარი ГКЧП. პარტიაში გადატრიალების მცდელობა. არ ვიცი, ექვსნი საბჭოთა ანალოგის გამო არიან, თუ ლიდერს “ტროიკაც” ეხამუშა და “შესწიორკა” უფრო ეამა. მაგრამ ფაქტია, რომ გამოცხადებული გახსნილობის, მაქსიმალური ჩართულობის, კულუარული, კაბინეტური მმართველობის მსხვრევის ფონზე უპირობო ავტორიტეტს უკვე გადაწყვეტილი 7 ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა”, – დაწერა გივი თარგამაძემ.

მისივე თქმით, ლიდერს ნებისმიერი ცივილიზებული წესისაც ასევე ეშინია და სურს მხოლოდ ყრილობა-ბალაგანი, ერთგვარი ხურალი, რომელზეც არც ერთი საკითხის არსს არ ექნება მნიშვნელობა და ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, რაც სურს, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს.

ამის უტყუარი ნიშანი ზუგდიდის შეხვედრაზე უკრაინულ ჩართვაშიც იყო – პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, უკვე სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში, განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა. ჰქონდა დიდგორის იდეა. ჩაუვარდა და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება. სავალალოა, ღმერთმანი“, – აცხადებს გივი თარგამაძე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამთავრებს არსებობას”, – ეს უკვე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა დავით დარჩიაშვილმა ასევე სოციალურ ქსელში დაწერა.

დარჩიაშვილი გამოეხმაურა თავისი კოლეგის, გივი თარგამაძის ზემოთმოყვანილ განცხადებას.
“ტარას ბულბა გახსოვთ? я тебя породил, я тебя и убью. დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ)”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძაობა” ამ ფორმით ასრულებს არსებობას. კითხვზე, გაიყოფა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” 20 იანვრის ყრილობის შემდეგ, კობა ხაბაზი პასუხობს:

“როცა 33 ათასი წევრი ჰყავს­ “ნაციონალურ მოძრაობას”, ასი ან ხუთასი კაცი რომ წავიდეს, ეს არ არის გაყოფა.
შესაძლოა, რამდენიმე ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა დატოვოს პარტია, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი ამომრჩეველი და მისი განწყობაა”.

წყარო: კვირის პალიტრა

Leave A Reply

Your email address will not be published.