“სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტს ვეხმარებოდი”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონებში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრას აგრძელებს. 5 სექტემბერს, ექსპრემიერი გურიაში ადგილობრივ მედიას შეხვდა, სადაც სხვადასხვა საკითხზე მოუწია ლაპარაკი.

ერთ-ერთი საკითხი იყო ივანიშვილის ურთიერთობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან.

„მე პოლიტიკურად არ მქონდა კარგი გამოცდილება, ზედმეტად ემოციური ვიყავი. საფრანგეთში ვცხოვრობდი მაშინ, როცა რევოლუცია მოხდა, 3 ტელევიზორი მქონდა დადგმული და ვუყურებდი როგორ ვითარდებოდა პროცესები. მე ვფიქრობ, არაადეკვატური რეაქცია გავაკეთე მეც – ზედმეტად გამიხარდა, მათი მოსვლაც მივიღე, როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ. 2,5 წლის ნახევრის განმავლობაში მე ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავთით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ, მაგას ვერც გაბედავდა, რომ პირადი რამ ეთხოვა. ჩემმა პოზიციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა, რამეთუ მე ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა, შეცდომებზე რეაქციას ვაკეთებდი. ბევრი ურთიერთობა მქონდა სააკაშვილთან. არაფორმალურ მმართველობაზე რომ საუბრობენ ახლა, სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტს ვეხმარებოდი და მაშინ მსგავსი ილუზია არ ჰქონიათ….
„სააკაშვილს ჩემთან ძალიან მოწიწებითი და კულტურული პირადული დამოკიდებულება ჰქონდა. მეც არ მქონია უხეში დამოკიდებულება. მივიდოდი – მხვდებოდა, მაცილებდა, თვალებში მიყურებდა, რომ არაფერი მწყენოდა. ერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს ანუ კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლების დროს, თუ მოვისურვებდი, ხელის გულზე მატარდებდნენ, მაგრამ ის რაც მათ ქნეს, არ ავიტანე და ამისთვის მოვედი ხელისუფლებაში. პირადული რომ მდომებოდა, შეიძლებოდა, ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების პირობებში მეცხოვრა
“.

ივანიშვილი შეეხო გოგა ხაინდრავას ფილმსაც, რომელიც ეკრანებზე სულ მალე გამოვა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის შესახებ ფილმის გადაღება მისი იდეა იყო. “ამ ფილმის გადაღებაზე საუბარი დაიწყო 2-2,5 წლის წინ. 9+1-იც ჩემი მოგონილი სათაურია და ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა მას – ”ჰეროკრატია”. რაც შეეხება იმას, რომ ახლა ხდება – ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადაღებას. 24 სერიანი, მასშტაბური ფილმია და დიდი დრო დასჭირდა და დაემთხვა, თორემ უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩვენება. ის, რომ დღესაა და ეს დამატებით კითხვებს იწვევს, თუ რატომ, მე ვფიქრობ, რომ კარგია”.

ივანიშვილი არ იზიარებს მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა ციხის კადრებმა განაპირობა. ექს-პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კადრების გავრცელებამდე და შემდეგაც ჩაატარა კვლევა და მისი მხარდამჭერების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ ყოფილა.

“ნაციონალური მოძრაობა“ ჭიაბერაშვილის იდეოლოგიას ატარებდა, რომ „ქაოსურ და გაუგებარ დემოკრატიას სტაბილური ავტოკრატია სჯობს“. ამას სააკაშვილის მეუღლის გამონათქვამიც დაამატეთ, რომ ხალხს უნდა ეშინოდეს მიშასი და დღეს გვეუბნებიან, რომ თვალებში ჩახედავს და იმას აღარ იკადრებს, რაც ხდებოდა. რა აღარ იქნება, გაუპატიურებები აღარ იქნება? წამებები აღარ იქნება?

მათი იდეოლოგია გახსნილად ძალადობრივი იყო. რაც მივიღეთ კარგად ნახეთ – ელიტარული კორუფცია, როგორ ჰქონდათ მონოპოლიზებული მთელი მედია, როგორ აწამებდნენ ციხეებში და აწამებდნენ არა ისე, რომ ეს დამალული ყოფილიყო – საზოგადოებაში ეს მშვენივრად ვიცოდით ჩვენ…

”ქართული ოცნება” კვირიკაშვილის მეთაურობით ინარჩუნებს იმ სტანდარტებს მართვაში, რაც მე ჩემს გუნდთან ერთად წამოსვლის დროს დავტოვე, რომ ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ, აი, კვირიკაშვილი ასეთი კაცია. აი, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ აისბერგებსაც ავცდეთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, ევროპაშიც შევიდეთ და ნატო-ს წევრი ქვეყანაც გავხდეთ. ამას სჭირდება სწორი ხელისუფლება და ეს არის რისთვისაც ვიღწვი მე, რომ შეხვედრებისას მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ”ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს. ნუ მიედ-მოედებიან. სირცხვილია, რომ 250 000-300 000 კაცი ისევ ”ნაციონალურ მოძრაობას” ელოდება, რა უნდათ, ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან? რა არის ეს, რა ხდება?”.

Comments
Loading...