“სააკაშვილს ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა” – რატომ არ შეხვდა სააკაშვილი უგულავას

“პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკ­ითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა. მაშ­ინაც მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვ­ილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა”

“სააკაშვილი ლიდერობის ღირსი არ არის, სააკაშვილი საკუთარი თავის პრობლემაა”, – უგულავა-ბოკერიას ფრთამ “ნაციონალური მოძრაობა” ხმაურიანი განცხადებებით დატოვა და გიგი წერეთლის მამის პარტიაში – “ევროპული საქართველო”­ – გადაბარგდა. შედეგად “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში­ მანდატების დიდი ნაწილი დაკარგა. რატომ ვერ შედგა სააკაშვილისა და უგულავას შეხვედრა და იყო თუ არა ბოკერიას ფლანგის “ნაციონალური მოძრაობიდან” გასვლა დიდი ხნით ადრე დაგეგმილი პოლი­ტიკური სვლა, “კვირის პალიტრის” კითხვებს თბილისის ყოფილი მერი და პარტია “ევროპული საქართველოს”ერთ-ერთი­ ლიდერი გიგი უგულავა პასუხობს:

– სააკაშვილთან კომუნიკაცია ვცადე, თუმცა საუბარი მხოლოდ მიწერ-მოწერის დონეზე შედგა, მას ჩემთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა.­ მისი ფიქრით, პარტიაში­ მიმდინარე პროცესებთან კავშირი არა აქვს და ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდება.
მისი მხრიდან ეს იმდენად ზერელე საუბარი იყო, რომ ჩემთვის პოლე­მიკის დაწყებაც უინტერესო გახდა.­ ჩემი ბოლო გზავნილი ასეთი იყო – “ნაციონალური მოძრაობის” დანგ­რევასა­ და დაშლაზე პასუხისმგებელი ხარ შენ!” დანარჩენი პერსონალური საუბარი იყო.

– საჯაროდ რაც გამოჩნდა, ყველაფერი ხომ თქვენი წერილით დაიწყო? დღეს რამდე­ნად მყარად გეჩვენებათ თქვენივე არგუმენტი, რომ ფორმალური თავმჯდომარის შეცვლით “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური რესურსი გაიზრდებოდა?

– ჩემს წერილზე აპელირება არასწორია­. პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკ­ითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა. მაშ­ინაც მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვ­ილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა.
ჩემი პოზიცია იყო, რომ კარგი იქნებოდა, თუ სააკაშვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებდა, მხოლოდ ქვეყნის­ პირველი პირის სტატუსით შემოფარგლულიყო, პარტიის ლიდერად კი სხვა კანდიდატურა აგვერჩია. გაცნობიერებ­ული გვქონდა, რომ პროკურატურა ბრალ­დებების”შეკერვით იყო დაინტერესებული­ და, ბუნებრივია, პარტიის ლიდერების და­კავებასაც ველოდებოდით.
მიშას ვუთხარი,­ მთელ დარტყმას ავიღებთ ჩვენ, შენ კი იყავი პრეზიდენტი, ეს შენთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი პოზიცია იქნება-მეთქი.

– თქვენი გათვლა იყო, თუ სააკაშვილი გაემიჯნებოდა პარტიას, ლიდერებს არ დააკავებდნენ?
– არა, ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ნაკარნახევი იყო პირველ რიგში, მისი ინტერესებით – პარტია განახლების გზას დაადგებოდა და დარტყმასაც ჩვენს თავზე ავიღებდით, თუმცა მაშინ სააკაშვილისგან­ პასუხად არაადეკვატური რეაქცია მივიღე. ამ დაპირისპირების შემდეგ პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში კიდევ არაერთხელ დადგა.­ მათ შორის მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და მას საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს. ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა.

– ანუ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ თქვენთვის ერთგვარ პოლიტიკურ ტვირთად იქცა?
– როდესაც აღარ ხარ პრეზიდენტი და არც მე ვარ თბილისის მერი, აღმოვჩნდით­ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებისთვის ბრძოლა ოპოზიციური ფლანგიდან გვიწევდა,­ განვიცდით ისეთ პოლიტიკურ დევნას, როგორიც პირველ საუკუნეში ქრისტიანებსაც კი არ გაუვლიათ, გუნდს ახალი­ ხედვა უნდა შესთავაზო – სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ვალდებული იყო, თანამებრძოლებსა და მხარდამჭერებთან ახალი მიდგომები­ გამოენახა, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამიტომაც ვთქვი, რომ ის ჩვენი გუნდის ლიდერობის ღირსი არ არის.

2013 წელს არავინ იყო ისეთი, არაადეკვატური სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ ჩვენ მასზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ვართ და ამიტომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ დღეს უკვე ამის თქმა თამამად შემიძლია. სამწუხაროა, რომ სააკაშვილს დროსთან ადეკვატურად მოქმედების შინაგანი რესურსი არ ეყო. შედეგად – დღეს “ნაციონალური მოძრაობაც” ერთი კაცის პარტია გახდა.
– თუ პარტიიდან სააკაშვილის გამიჯვნის საკითხი პირველად 2013 წელს დადგა, მაშინ რატომ ლაპარაკობს ის დღეს ივანიშვილის თამაშზე, ან რა ახსნა აქვს ნუგზარ წიკლაურის­ მინიშნებას, რომ პირადად თქვენ ხელისუფლებასთან კოორდინირებულ განცხადებებს აკეთებთ?
– იმდენად გულუბრყვილო და ბრიყვული ბრალდებებია, რომ ამაზე სერიოზულად როგორ უნდა გიპასუხოთ?

– ისე, ინტერვიუს ჩაწერის დროსაც მუდმივად სააკაშვილზე აკეთებთ აქცენტს, პარტიიდან გასვლისას ბრიფინგზეც უმეტესად სააკაშ­ვილზე ილაპარაკეთ. რა იქნება “ევროპული საქართველოს” მთავარი პოლიტიკური გზავნილი­ – “საქართველო სააკაშვილის გარეშე”?

– ბრიფინგზე პირველ პრობლემად ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დავასახელე და კარგი­ იქნება, ვინც დაითვალა, რამდენჯერ ვახსენე სააკაშვილი და რამდენჯერ ივანიშვილი, ტექსტს უფრო დაკვირვებით მოუსმინოს. სააკაშვილზე იმიტომ ვილაპარაკე, რომ მას ვემიჯნებოდით.

– და ახლა რას გეგმავთ, “ევროპული საქართველოს” ლიდერი თქვენ იქნებით?
– ამას ყრილობა გადაწყვეტს. მე დავით ბაქრაძის კანდიდატურას ვუჭერ მხარს.

წყარო:კვირის პალიტრა

Comments
Loading...