სააკაშვილს უკრაინაში შესაძლოა, ბრალი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის წაუყენონ

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საქმეს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სახელი ფიგურირებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, სააკაშვილს შესაძლოა, ბრალი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის წაუყენონ.

საქმე ეხება ვიდეოს, რომელიც უკრაინელი სამხედროების ოპერაციის ზონაშია გადაღებული. ვიდეოში, რომელიც სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა, რეგიონის ოპერატიული რუკა მოხვდა.

„ვიდეოთი სააკაშვილმა , რომელიც მან ინტერნეტში გამოაქვეყნა, უკრაინის პოზიციები გათქვა. მასში საიდუმლო ინფორმაცია იშიფრება“, – აღნიშნა დონბასის სამხედრო ოპერაციის შტაბის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ.

„სამხედრო პროკურატურა საქმეს იძიებს, საჯაროდ ამაზე ჯერ არ საუბრობს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, სასამართლო გამოიტანს“, – აცხადებს ლისენკო.

თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ იძულებული გახდა ვიდეო სოციალურ ქსელში განეთავსებინა, რადგან სამხედროები რთულ ვითარებაში იმყოფებიან.

„ცოტა ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე გამომექვეყნებინა ვიდეო, რადგან ეს განუკითხაობა წელიწადზე მეტია გრძელდება. მათ ელემენტარული საპირფარეშოებიც არ აქვთ. შესაბამის სამსახურებს კი, საკმარისი დრო ჰქონდათ ამის გამოსასწორებლად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Comments
Loading...