საბერძნეთში ქართველი ემიგრანტის მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

თესალონიკში ბერძენი ექიმი თავის მსხვერპლს ქართველი ემიგრანტ ქალის სოციალური ქსელების მეშვეობით ოპერაციის გაკეთებაზე დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა, რაც წინასწარ განზრახულ მკვლელობაზე მიანიშნებს.

ამის შესახებ, ქართველი ემიგრანტი გია კვარაცხელია ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით, იუწყება.

“ბერძნული ტელეარხ “ალფას” საღამოს ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული იქნა 3 შვილის დედის, თესალონიკიში მცხოვრები 36 წლის ქართველი ქალბატონის მკვლელობის დამატებითი დეტალები: ჟურნალისტ ადონის სროიდერს ესაუბრა მოკლული დიანა ბერიძის მეგობარი, ბერძენი ფარმაცევტი კატერინა სიოტა, რომელმაც განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა (ანგიოქირურგის და პაციენტის), სოციალური ქსელის მეშვეობით საკმაო ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ექიმი დაჟინებით მოუწოდებდა მას ოპერაციის გაკეთებას (კოსმეტიკური მიზნებით და ქათინაურებით) და ბოლოს, დაიყოლია ოპერაციაზე, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, წინასწარ განზრახულ მკვლელობასთან ან წინასწარდაგეგმილ ძალადობასთან გვქონდეს საქმე. ქალბატონი სიოტა ძალზედ დადებითი სიტყვებით ახასიათებს დიანა ბერიძეს სიცოცხლეში და აღნიშნავს, რომ ის უსათნოესი ქალბატონი იყო და სამსახურის, სახლის და ოჯახის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებდა”, – წერს სოციალურ ქსელში გია კვარაცხელია.
როგორც ცნობილია, 26 აპრილს მოკლული ქალის გვამი 3 მაისს ხალკიდიკის სოფელი პალიურის მიდამოებში, ხრწნის წინწასულ სტადიაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ორგანიზმში საანესთეზიო ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.

ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა პროკურორთან ბრალის აღიარების ვადის გადადება ორშაბათამდე მოითხოვა.

Comments
Loading...